იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ გამართულ პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ აქციების 22 პროცენტს მყიდველი არ გამოუჩნდა.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ „ქართუ ჯგუფის“ აქციები, თითქმის 152 მილიონ ლარად იყო შეფასებული, ხოლო „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი - 3 ნახევარ მილიონ ლარად.
სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე, გასაყიდად გატანილი ქონების საბაზრო ფასი ნახევრდება. ამიტომ „ქართუ ჯგუფი“ პირველ აუქციონზე 76 მილიონ ლარად გავიდა, „პროგრეს ბანკის“ აქციები კი 1 800 ათასს ლარად.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებითი აუქციონი 2 ივლისს გამოაცხადა, ოთხი დღის შემდეგ გაჩნდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს „ქართუ ჯგუფის“ შეძენით „საქართველოს ბანკი“ იყო დაინტერესებული, თუმცა „საქართველოს ბანკის“ დირექტორმა ირაკლი გილაურმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
საბოლოო მყიდველის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა. „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:
„ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ მიეღოთ ის 75 მილიონი, მაგრამ რადგან ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა ვფიქრობ დაფიქრდებიან ხელისფლებაში ღირს თუ არა სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გახვევა?!
შემდეგ ეტაპი, მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს 15 დღიანი ვადა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, რომელმაც ამ 15 დღეში უნდა გადაწყვიტოს - ან გამოიტანოს მეორე უკვე ნულოვან აუქციონზე ან გადასცეს სახელმწიფოს და სახელმწიფო ნატურით დაიფაროს ის ჯარიმა.“
„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციები სახელმწიფომ მას შემდეგ დააყადაღა, რაც ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მასზე დაკისრებული 75 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე.
სახელმწიფო ამტკიცებს რომ ამ აქციების მფლობელი სწორედ ბიძინა ივანიშვილია და სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ორივე ბანკის აქციები იძულებით აუქციონზე სწორედ ამიტომ გავიდა.
თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს აქციები პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაასხვისა, აქციების ნაწილი შვილს უტა ივანიშვილს გადასცა, დიდი ნაწილი კი უცხოელი ბიზნეს-პარტნიორების საკუთრებაა.
„ქართუ ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მას 6 დამფუძნებელი ჰყავს, აქედან 4 უცხოური კომპანია. „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებმა ქართული სახელმწიფოს ქმედებას უკვე უწოდეს კერძო ქონების ექსპროპრიაცია და სასამართლოს მიმართეს. მათ ინტერესებს უცხოელი ადვოკატი კრისტოდულოს ვასილიადისი იცავს. „ქართუ ჯგუფის“ იურისტი ალა კახნიაური კი ამბობს:
კრისტოდულოს ვასილიადისი: ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის ქართუ ჯგუფის არცერთი აქცია. იგი ასევე არ ფლობს წილებს ქართუ ჯგუფის დამფუძნებელ უცხოურ კომპანიებში და ამრიგად ქართუ ჯგუფის აქციები არანაირად არ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან.“
ალა კახნიაური: „სახელწიფომ თუ მყიდველი არ გამოჩნდა 15 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს აქტი და მიიღოს აღნიშნული ქონება საკუთრებაში. თუ სახელმწიფომ საკუთებაში მიიღო ეს ქონება მას უკვე ნებისმიერ პირს შეუძლია გადასცეს, სიმბოლურ ფასად 1 ლარადაც კი.“
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჯერ არ განუცხადებია როგორ იმოქმედებს მომავალში, დანიშნავს განმეორებით იძულებით აუქციონს თუ „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციები პირდაპირ სახელმწიფოს გადაეცემა.
ცნობილია, რომ „ქართუ ჯგუფის“ საბაზრო ღირებულება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ფასზე გაცილებით მეტია. „ქართუ ჯგუფის“ მფლობელი ავტომატურად ხდება „ქართუ ბანკის“ მეპატრონე, ვინაიდან „ქართუ ჯგუფი“ ბანკის აქციების 100 პროცენტის მფლობელია. „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაა შენობა ორთაჭალაში, საიდანაც ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ მაუწყებლობს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებლო ღონისძიება, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
თუმცა, ბიძინა ივანიშვილი, მისივე თქმით, უსამართლოდ დაკისრებული 75 მილიონის გადახდას არ აპირებს და ამასთან ხაზს უსვამს, რომ „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციები მას არ ეკუთვნის.