მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატის მითითებით, სასამართლომ ჯერ ასეულობით მილიონობით ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი დაააყადაღა ოპოზიციის ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიები - „ქართუ ბანკი“, „ქართუ ჯგუფი“, „გლობალ ტვ“, „ელიტა ბურჯი“, „ბურჯი“, „მენეჯმენტ სერვისი“ და სხვები, ახლა კონკრეტული, პოლიტიკურად აქტიური, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებიც დააჯარიმა.
შაბათს თბილისში გამართულ პროცესზე, ქართული ოცნების - ერთი, ეროვნული ფორუმის - შვიდი, კონსერვატიული პარტიისა და თავისუფალი საქართველოს - ოთხ-ოთხ წევრი ჯამში, 1 177 000 ლარით დაჯარიმდა.
კონტროლის პალატამ, რომელსაც ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია, ეს პირები პოლიტიკური პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში დაადანაშაულა, რაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ გაიზიარა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაალ გოქსაძე, წლების მანძილზე, იტალიაში საქართველოს ელჩად მუშაობდა, ამ პერიოდში ხელფასის სახით გოგსაძეს 270 ათასი ევრო აქვს აღებული. გოქსაძემ ქართულ ოცნებას 12 ათასი ლარი შესწირა. მოსამართლემ კი ამ თანხის ხუთმმაგი ოდენობით დააჯარიმა, ზაალ გოქსაძე ამბობს:
„ეს სასამართლოს გარდა ყველაფერია. მე მეკითხებიან საიდან გადავრიცხე 12 ათასი ლარი? ვუსაბუთებ, რომ ის თანხა რაც გადავრიცხე, 2004-2008 წლებში, ჩემი იტალიაში ელჩად მუშაობის პერიოდში იყო ჩემი ერთი თვის შემოსავალი.
მოვუტანე ამის ყველა დამადასტურებელი ცნობა. მე ვეკითხები ხელისუფლებას და მოსამართლეებს არ შეიძლებოდა ეს თანხა გადანახული მქონოდა?! და გადამერიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მე თავად ვარ?!“
სასამართლო პროცესს 17 ბრალდებულიდან მხოლოდ 16 ესწრებოდა, პროცესზე არ გამოცხადდა ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი ბეჟან ნოდიშვილი და მისი ადვოკატი. საბოლოოდ, სასამართლომ ნოდიშვილი 25 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორ ამოარჩია კონტროლის პალატამ ნოდიშვილის საქმე, ასეულობით უკანონო შემოწირულობის ფაქტებიდან გაუგებარი დარჩა.
ბოლო წლინახევრის მანძილზე, საქართველოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა, სადაც ოფიციალურ დოკუმენტებში ნაციონალური მოძრაობის მსხვილ შემომწირველად მოხსენიებული, ასეულობით პირი კატეგორიულად უარყოფდა ფაქტს რომ მმართველ პარტიას სოლიდური თანხა შესწირა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევენებზე მსგავს დარღევებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილიც ადასტურებს, არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.
„პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა სიაში, როდესაც თვალს გადაავლებთ და მისამართებსაც შეხედავთ, და ამას მეტ-ნაკლებად ყველა პარტიაზე ვამბობ, ნახავთ რომ ისეთი მისამართები არის მითითებული, რომ იქ მცხოვრები ადამიანებს ძალიან ეჭვი მეპარება 10, 20 და 30 ათასი ლარის შემოწირვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ძალიან ხშირად იყო ეს ფაქტები, რომელიც ეჭვს აჩენდა, მაგრამ მაშინ ცსკ-ში მექანიზმების არარსებობის გამო ამის შემოწმება შეუძლებელი იყო.“
მოსამართლე მიქაუტაძემ ყველაზე მაღალი ჯარიმა შაბათს კონსერვატიული პარტიის წევრს, გიგა ბუკიას გამოუწერა - 177 000 ლარი; 150 ათასი ლარით დაჯარიმდა კონსერვატების ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე; 135 ათასით - დავით ბაციკაძე, რომელმაც მოსამართლეს მკვლელი უწოდა და ამისთვის დარბაზიდან გააძევეს. 125 ათასით - გიორგი მოსიაშვილი და 40 ათასით ალექსანდრე შალამბერიძე. იურისტი სანდრო ბარამიძე მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს:
„მრავალწლიან ჩემს პრაქტიკაში აი ასეთი დარღვევებით ჩატარებული სასამართლო პროცესი მე ჯერ არ მინახავს. მოსამართლე მიქაუტაძემ გადააჭარბა საერთოდ ყველა აქამდე არსებულ მოლოდინს დარღვევების მხრივ. 17 სამართალდაღვევაზე საქმე განიხილა ერთ პროცესში იმის მიუხედავად, რომ ამ სამართალდარღვევებს ერთმანეთთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. მე ასეთი მსგავსი არ მინახავს, სიმართლე გითხრათ. მთელი ეს პროცესი ადასტურებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას არ სურს ფიზიკურმა პირებმა მის კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს შესწირონ ფული ამ ქვეყანაში, ხელისფლებას არ სურს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სრულყოფილი საარჩევნო კამპანია წარმართონ ამ ქვეყანაში.“
თექვსმეტმა პირმა, რომლებიც შაბათს სასამართლომ სამართალდამრვევებად სცნო დღეს განჩინება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. უცნობია, როგორ მოიქცა ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი ბეჟან ნოდიშვილი. ოპოზიციის აქტივისტებმა 1 177 000 ლარის ოდენობის ჯარიმა 15 ივლისამდე უნდა დაფარონ, თუმცა არცერთი მათგანი ამის გაკეთებას არ აპირებს, რაც მათი უძრავ-მოძრავი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი გახდება.