საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ “ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგების არ აღიარების განცხადების შემდეგ, ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.” “ტვიტერზე” მინისტრმა ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას და “მხარს უჭერს ვენესუელის მოქალაქეებს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ბრძოლაში.”
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენესუელის არჩევნების შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.”
მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში 10 იანვარს სოხუმისა და ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერები მონაწილეობდნენ. საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებით, კარაკასში ინაუგურაციაზე აფხაზი და ოსი წარმომადგენლების დასწრება ემსახურებოდა ერთ მიზანს, “მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით.”
ვენესუელა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთთან, სირიასთან ნიკარაგუასთან და ნაურუსთან ერთად აღიარებს.