ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის კანდიდატი აღიარა


შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად აღიარა ხუან გუიდო ვენესუელის დროებით ლიდერად. ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის ლიდერმა საკუთარი თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

“დღეს, ოფიციალურად ვაღიარებთ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ხუან გუიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად,” განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. მან ასევე დასძინა, რომ “მე მოვუწოდე დასავლეთ ნახევარსფეროს მთავრობებს აღიარონ გუიდო, როგორც ვენესუელის დროებით პრეზიდენტი და ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას მისი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომ აღადგინოს კონსტიტუციური ლეგიტიმურობა.”

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა. ეროვნული აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ.

რამდენიმე ქალაქში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. კარაკასში ელ პარაისოს უბანში ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვენესუელის მთავრობამ კონტრ-დემონსტრაციის ორგანიზება შეძლო. მისი მონაწილეები ოპოზიციას ქვეყანაში არეულობის დაწყებასა და ძალადობის წახალისებაში სდებენ ბრალს.

გუიდო ღარიბი მოსახლეობის და შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს. ის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად ცოტა ხნის წინ აირჩიეს.

მადუროს მთავრობის შეცვლა, დიდწილად, ჯარის პოზიციაზეა დამოკიდებული, რომელიც დღემდე მადუროს გვერდით დგას.

გუიდომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ამნისტიის პირობა მისცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მას ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენასა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში დაეხმარებიან.

ნიკოლას მადურომ, აშშ-ის ლიდერის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, გაწყვიტა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG