ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო "ამერიკის ხმის" ესპანურ სამსახურს არგენტინაში, ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის სამიტზე ესაუბრა.
რას გვეტყოდით ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის შესახებ?
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო: მე ის გავიცანი, როცა კონგრესში ვმუშაობდი, და შემდეგ მეც იგივე თანამდებობა მეკავა ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში, რაც მას. ის შესანიშნავი მენტორი იყო და ძალიან კეთილი კაცი იყო. ის უმაღლესი რიგის პატრიოტი იყო. სუზანის და ჩემი სამძიმარი ბუშის ოჯახს. ამერიკას დააკლება შესანიშნავი მებრძოლი, შესანიშნავი ლიდერი და შესანიშნავი ამერიკელი პატრიოტი.
რაც შეეხება „დიდ ოცეულს“, რას აკეთებს შეერთებული შტატები იმისთვის, რომ იპოვოს საერთო ენა ამდენ ლიდერთან, ასეთი განსხვავებული დღის წესრიგით?
20 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბევრი განსხვავებული შეხედულებით. თუმცა, ჩვენ ყველა ვიზიარებთ დიდ სურვილს იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე ვიმუშაოთ, შევქმნათ მსოფლიოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, მივიღოთ წესები, რაც ამას ხელს შეუწყობს... ჩვენ ხშირად ვდაობთ იმაზე, თუ რა არის საუკეთესო გზა ამის მისაღწევად, თუმცა, ყველას საერთო მიზნები აქვს. ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენ გვექნება ზრდა, კეთილდღეობა, თავისუფლება მსოფლიოს გარშემო, ასობით მილიონი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდება. ეს არის „დიდი ოცეულის“ მისია, რომლის გარშემოც ის იკრიბება...
ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგიონში ჩადის. ეს შესაძლოა ნიშნავდეს ახალ ურთიერთობას ლათინურ ამერიკასთან, იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთი ასევე იძენს ახალ მეგობრებს რეგიონში...
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობა სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასთან, მექსიკასთან, ამერიკის წარმატებისთვის საკვანძოა. პრეზიდენტი ამისთვის იღწვის მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე მოვიდა. შესანიშნავია, რომ მან მოახერხა აქ ჩამოსვლა. ის დიდი ხანია, რაც [არგენტინის] პრეზიდენტს [მაურისიო] მაკრის იცნობს და მათ შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდათ გუშინ, რომელზეც ისაუბრეს მიზნებზე, რომელთა განხორციელებასაც ჩვენი ორი ქვეყანა შეუდგება. ჩვენ ეს გვახარებს, ვფიქრობთ, ახლო ურთიერთობა ამერიკასთან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველას გვაშფოთებს ჩინეთი და ის, თუ როგორ შედის ჩინეთი ქვეყნებში. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, რომ როდესაც ჩინეთი რომელიმე ქვეყანაში შედის, მას კარგი განზრახვა აქვს იმ ქვეყნის ხალხის მიმართ, რომელთა დახმარებასაც ისინი იმიზეზებენ. ხშირად, ეს თავად ჩინეთისთვის სასარგებლოა.
რაც შეეხება ვენესუელას, პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის გარშემო [არგენტინის] პრეზიდენტ მაკრისთან ისაუბრა. განიხილება ახალი ზომები [ვენესუელის პრეზიდენტის] ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ და ვენესუელელების დასახმარებლად?
არ მაქვს რაიმე კონკრეტული, რაც შემიძლია გაგიზიაროთ დღეს, თუმცა, ჩვენ აქ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რამდენიმე განხილვა გვქონდა და პრეზიდენტი ტრამპი ძალზედ მოწადინებულია. მადუროს რეჟიმმა დემოკრატია უნდა აღადგინოს, არსებული სისტემა მიუღებელია. ვენესუელელი ხალხი იტანჯება. დემოკრატია უნდა აღდგეს. ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ, სხვა სამხრეთ ამერიკის და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვწუხვართ. ვიცით, რომ არგენტინაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს [ვენესუელის მოსახლეობის] მიგრაცია. ხალხი გაურბის დესპოტს, ვენესუელის ამ დიქტატორს. ვერაფერს კონტრეტულს ვერ გეტყვით დღეს, თუმცა რეიგონის ქვეყნები მზად არიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვენესუელაში დემოკრატია აღადგინონ.
რაც შეეხება იმიგრაციას, ცენტრალური ამერიკიდან ასობით ადამიანი ცდილობს ყოველდღიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრას. რა შეუძლია შეერთებულ შტატებს გააკეთოს, რომ ცენტრალურ ამერიკაში უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნას, რათა მათ არ დასჭირდეთ უკეთესი ცხოვრების ძიება შეერთებულ შტატებში?
ეს ძალიან კარგი კითხვაა. მე შევხვდი ჩემს მომავალ კოლეგას მექსიკაში. მე მქონდა შესაძლებლობა ჩრილოეთ სამკუთხედის ქვეყნებთან (გვატემალა, ჰონდურასი და ელ სალვადორი) მემუშავა. ჩვენ მონდომებულნი ვართ, შევქმნათ უფრო მეტი შესაძლებლობა ჩრდილოეთის სამკუთხედის ქვეყნებში, რათა ამ ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება, რადგან საბოლოოდ ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. იცხოვრონ ეკონომიკურ წარმატებასა და თავისუფლებაში. ჩვენ მზად ვართ ამაში დახმარება გავწიოთ, და სანამ აქამდე მივალთ, ვაპირებთ მიგრანტთა უფლებების დაცვას, ამერიკის კანონდებლობის აღსრულების პარალალურად.
Facebook Forum