საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს (სეოკ) მომავალი ოთხი წლის მანძილზე, ისევ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ჩემპიონმა, "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ, სეოკ-ის მორიგ საარჩევნო სესიაზე, 135 დელეგატიდან, 78 ხმა მიიღო და 21 ხმით აჯობა, სპორტის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი მეძმარიაშვილს.
ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 52 წლის ხაბელოვი, 2000 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიურ მოძრაობაში, ჯერ ვიცე-პრეზიდენტის, შემდეგ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, 2012 წლიდან კი უკვე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში. ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, 2016 წელს, დაჯილდოვდა, ANOC-ისა და IOC-ის მედლებით.
ხელმეორედ არჩევა ხაბელოვს საშუალებას აძლევს, გაიმეორის სეოკ-ის მეორე პრეზიდენტის, ჯანო ბაგრატიონის რეკორდი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტს, 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ის მეტ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს ელოდება
მე, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი მაქსიმალისტი ვარ და მინდა, რომ მეტი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდეს. ამის პოტენციალი გვაქვს. თუ სწორად წარვმართავთ მუშაობას, დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგი გვექნება“ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
„მინდა, რომ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს. მე, როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მაქსიმალისტი ვარ და მინდა, რომ მეტი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავდეს. ამის პოტენციალი გვაქვს. თუ სწორად წარვმართავთ მუშაობას, დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგი გვექნება.“
ლერი ხაბელოვი თბილისში დაბადებული, ეთნიკური ოსია, რომელმა 1980-90-იან წლებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის, 100 კგ წონით კატეგორიაში, ოთხ-ოთხჯერ მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი. ის, თბილისის „შრომითი რეზერვების“ სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა.
1988 წლის, სეულის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ხაბელოვი მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა, ფინალში, ტრავმირებულმა იჭიდავა, რუმინელ ვასილე პუშკაშუსთან მინიმალურად დამარცხდა და მხოლოდ, ოლიმპიურ ვერცხლს დასჯერდა.
ოლიმპიური ოქრო კი ხაბელოვმა, უკვე 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბარსელონაში მოიპოვა. მაშინ საქართველოს სპორტსენები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებული გუნდის სახელით ასპარეზობდნენ. ფინალში ხაბელოვმა გერმანელ ჰეიკო ბალზს აჯობა და დამოუკიდებელი საქართველოს შინდისფერი დროშა ააფრიალა.
1993-95 წლებში, ხაბელოვი უკვე რუსეთის სახელით გამოდიოდა. ტორონტოში, მეხუთედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, რასაც 1995 წელს, უკვე 130 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაო დაუმატა.
საქართველოს სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ისტორიის გამო, ქართული საზოგადოების ნაწილში, ლერი ხაბელოვს დღემდე აკრიტიკებენ.
2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას დაემთხვა, ხაბელოვი, როგორც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მისიის ხელმძღვანელი, პროტესტის ნიშნად, საზეიმო გახსნაზე, ეროვნებათა აღლუმზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად არ გამოვიდა.
ამ გადაწყვეტილების გამო, ხაბელოვს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა და იგი საცხოვრებლად რუსეთში, ვლადიკავკაზში გადავიდა. საქართველოში კი 2012 წელს დაბრუნდა და ზედიზედ ორჯერ გახდა, პარლამენტის წევრი, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებიდან“.
2008 წლის პეკინის ისტორიაზე, ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ ეს იყო პროტესტი „იმდროინდელი ხელისუფლების“ და არა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
საპასუხოდ იგი იხსენებს 1992 წლის ისტორიას, როცა ბარსელონას ოლიმპიადაზე დაჯილდოების წინ, რუსეთის დროშა, საქართველოს დროშით შეაცვლევინა და ოლიმპიური ოქრო, ქართველი და ოსი ხალხების მეგობრობას მიუძღვნა.
1992 წელს, როცა უნდა ავსულიყავი კვარცხლბეკზე, ოლიმპიური ოქროს მისაღებად, იქ რუსეთის დროშა დამხვდა აღმართული. მაშინვე ვუთხარი, რომ გამოვდივარ არა რუსეთის, არამედ, საქართველოს დროშის ქვეშ და თუ შეიძლება, დროშა შეცვალეთ მეთქი“ლერი ხაბელოვი
„1992 წელს, როცა უნდა ავსულიყავი კვარცხლბეკზე, ოლიმპიური ოქროს მისაღებად, იქ რუსეთის დროშა დამხვდა აღმართული. მე მაშინვე ვუთხარი, რომ გამოვდივარ არა რუსეთის, არამედ, საქართველოს დროშის ქვეშ და თუ შეიძლება, დროშა შეცვალეთ მეთქი.
მხოლოდ მას შემდეგ ავედი კვარცხლბეკზე, რაც რუსეთის დროშა - საქართველოს დროშით შეცვალეს. ეს დიდი მომენტი იყო, როცა გრძნობ, რომ შენც დიდი წვლილი შეიტანე იმ წარმატებაში, რასაც ხალხების შერიგება ჰქვია.“
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 27 წლიან ისტორიაში ლერი ხაბელოვი რიგით მეხუთე არჩეული პრეზუდენტია.
პირველი პრეზიდენტი ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტზე, 1989 წელს, ეროვნული კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე აირჩიეს და 1996 წლამდე იმუშავა.
მეორე პრეზიდენტი ხელბურთელი ჯანო ბაგრატიონი იყო. მას მომდევნო რვა წლის მანძილზე, 2004 წლამდე, ეკავა სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობა.
ოლიმპიური კომიტეტის მესამე პრეზიდენტი, 2004-2007 წლებში, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გახდა. იგი პრეზიდენტ სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლის გამო, სეოკ-ის პრეზიდენტობიდან ვადაზე ადრე გადააყენეს.
2008 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერით, მეოთხე პრეზიდენტად, კახეთის ყოფილი გუბერნატორი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი გია ნაცვლიშვილი აირჩიეს. ოთხი წლის შემდეგ, 2012 წლის არჩევნებში, ნაცვლიშვილი სწორედ, რიგით მეხუთე პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები (1989-2016)
ნონა გაფრინდაშვილი 1989-1996
ჯანო ბაგრატიონი 1996-2004
ბადრი პატარკაციშვილი 2004-2007
გია ნაცვლიშვილი 2008-2012
ლერი ხაბელოვი 2012-დან