პიუს კვლევების ცენტრში ჩატარებული რამდენიმე გამოკითხვით, გაირკვა, რომ ამერიკელების უმრავლესობისთვის ცხოვრების მთავარი აზრი, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ესაა ოჯახი და ოჯახური კეთილდღეობა. მაგრამ, როცა მათ სთხოვეს დაეზუსტებინათ, თუ კონკრეტულად რა განაპირობებს მათი ოჯახების კეთილდღეობას, რაზე დგას ის, გამოკითხულთა უმეტესობამ 4 ფაქტორი დაასახელა: კარიერა, საყვარელი ადამიანი, მეგობრები და ჯანმრთელობა.
ზოგ გამოკითხვაში ზედა ოთხეულში მოხვდა რელიგია, ან სწავლა-განათლება. ზოგან ასევე მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა შინაური ცხოველების სიყვარულს, ან რომელიმე ჰობის, როგორიცაა მუსიკის სმენა, წიგნის კითხვა, ბუნებაში ყოფნა და მოგზაურობა. შეძლებულ და განათლებულ ოჯახებში ხშირად ახსენებენ სტაბილურობასაც.
ოჯახს ორ სხვადასხვა ტიპის კითხვაში ამერიკელთა საშუალოდ 69 პროცენტი მიიჩნევს თავისი ცხოვრების მთავარ აზრად. ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში, ეთნოსის, რასის, რელიგიის, შემოსავლის, ასაკის და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, ყოველი 10 გამოკითხულიდან 7 ამბობს, რომ მისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახია.
რელიგია ამერიკელთა თითქმის 20 პროცენტისთვისაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. გამოკითხვის ავტორებისთვის დიდი სიურპრიზი არ იყო ის, რომ პოლიტიკურად კონსერვატიულ ჯგუფში რწმენას და სულიერებას (რელიგიური კუთვნილების მიუხედავად) უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს. შეფარდება ლიბერალურად განწყობილ ჯგუფთან შედარებით, დაახლოებით ასეთია: 38/8.
რელიგია შავკანიანი ამერიკელებისთვისაც (30%) ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თეთრკანიანისთვის (20%) და ლათინურ-ამერიკული წარმოშობის (15%) ადამიანებისთვის. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, გახსნილ კითხვაში (როცა კითხვა მზა პასუხებში არჩევანს არ შეიცავს), თუ რა არის მათი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი აზრი, 30 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 10 პროცენტი ახსენებს ღმერთს, რწმენას, ან სულიერებას. 65 წლის ზევით ადამიანებში ეს მონაცემი 30 პროცენტს უდრის.
იმ ადამიანებს შორის, ვისი წლიური შემოსავალი $ 75 000-ზე მეტია, 25% ასახელებს ერთ-ერთ პრიორიტეტად მეგობრებს. ვისი შემოსავალიც $ 30 000-ზე ნაკლებია, იმ ჯგუფში მარტო 14% თვლის, რომ მეგობრების კარგად ყოფნა აუცილებელია მისი საკუთარი კეთილდღეობისთვის. ამის მსგავსად, შეძლებულების 23% თვლის, რომ ჯანმრთელობაა ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, დაბალ შემოსავლიანებში კი ჯანმრთელობას ასეთ დიდ მნიშვნელობას მარტო 10% თუ ანიჭებს.
როგორც უკვე ვთქვით, პიუს გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობას ოჯახური კეთილდღეობის მთავარ პირობად კარიერა, საყვარელი ადამიანი, მეგობრები და ჯანმრთელობა მიაჩნია. და ვინც ამ ოთხივე მიმართულებას პრიორიტეტებს შორის ასახელებს, თავისი ცხოვრებითაც გაცილებით უფრო კმაყოფილი და ბედნიერია.
კარიერა ამერიკელებისთვის ოჯახური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ამ პირობას გამოკითხვებში ყოველი მე-3 ამერიკელი ახსენებს. თუმცა, პასუხების მიხედვით ჩანს, რომ კარიერა და შემოსავალი მათთვის ერთი და იგივე არ არის. ამერიკელები კარიერაში ხშირად გულისხმობენ პროფესიით მინიჭებულ ბედნიერების გრძნობას და არა შემოსავლით კმაყოფილებას. მაგალითად, ისინი წერენ: “ჯანდაცვის სისტემაში ვმუშაობ და ჩემთვის დიდი საჩუქარია პაციენტის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა”. მათ შორის, ვინც კარიერას კეთილდღეობის აუცილებელ პირობად მოიხსენიებს, ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსი 8 პროცენტით მაღალია, ვიდრე იმ გამოკითხულებში, ვინც კარიერას და სამსახურს მთავარ პირობად არ თვლის.
გახსნილ კითხვაზე, თუ რა არის მათი ცხოვრების აზრი, მეუღლეს ან რომანტიკულ პარტნიორს ყოველი მე-5 ამერიკელი ახსენებს, იმის მიუხედავად, მასთან ქორწინებაშია, თუ არა. ბევრი სიყვარულს პირველ რიგში წერს. ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი 9 პროცენტით უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვინც მეწყვილეს კეთილდღეობისთვის აუცილებელ პირობად ასახელებს, ვიდრე მათში, ვინც სიყვარულს მთავარ პრიორიტეტად არ თვლის. ისეთებიც არიან, ვინც საყვარელ ადამიანს მეგობრებშიც მოიხსენიებს და მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი ყველაზე მთავარია ცხოვრებაში.
ამავე კითხვაზე პასუხში, მეგობრებს და მეგობართა კარგად ყოფნის აუცილებლობასაც ყოველი მე-5 ამერიკელი ასახელებს. მათ შორის, ვინც მეგობრობა აუცილებელ პირობად მოიხსენია, ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსი 6 პროცენტით მაღალია, ვიდრე იმ გამოკითხულებში, ვისაც პასუხში მეგობრები არ უხსენებია.
ამერიკელების კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, ოჯახის და მეგობრების ჯანმრთელობა. გამოკითხვაში ზოგი მადლობას ამბობს კარგი ჯანმრთელობის გამო. ზოგი ასაკში შედის და ემზადება იმისთვის, რომ ჯანმრთელობა მისთვის თანდათან მეტი გამოწვევა გახდება. არიან ისეთებიც, ვინც უბრალოდ კარგი ექიმის მადლობელია: “ჩემი ექიმი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მეხმარება, მაძლევს საშუალებას, რომ თავს უკეთ მოვუარო და დამოუკიდებლად ცხოვრება გავაგრძელო”. ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელში განსხვავება ყველაზე დიდი, 11 პროცენტით მეტი აღმოჩნდა სწორედ ამ ჯგუფში, მათში, ვინც ჯანმრთელობის ფასი იცის და მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.