ეკრანთან 2-3 წლის ასაკის ბავშვის ყოფნა მის განვითარებას აფერხებს - რუბრიკა “გალილეო”

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ე.წ. საეკრანო დროის შეზღუდვაზე საუბარი განსაკუთრებით გააქტიურდა სმარტფონების და ტაბლეტების მასობრივად გამოშვების შემდეგ. სპეციალისტები ბოლო 10 წელია დაბეჯითებით მოუწოდებენ მშობლებს, შეზღუდონ ეკრანთან ბავშვის ყოფნის დრო. პედიატრიის ამერიკულმა აკადემიამ 2016 წელს განახლებული რეკომენდაცია გამოსცა, რომელშიც მშობლებს ურჩევს, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ აუკრძალონ ეკრანთან ყოფნა. გამონაკლისი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მათთან ვიდეო-საუბარია. 2 წლის ზევით კი საეკრანო დრო დღეში 1 საათამდე, ან კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.

ადრეული კვლევებით რამდენჯერმე დადასტურდა, რომ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან, ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი და ემოციური განვითარებით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს. უფრო დაბალია მათი აკადემიური მოსწრებაც სკოლაში.

კვლევა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, ბავშვებს 2 წლის ასაკიდან აკვირდებოდა. ნაშრომი სულ ახალია, ის 28 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” და ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში “ჯამა”. პროფესორი შერი მადიგანი კანადის კალგარის უნივერსიტეტში, კოლეგების ჯგუფთან ერთად, 2 441 ბავშვს აკვირდებოდა. აქედან თითქმის ნახევარი, 1 169 ბიჭი იყო.

კანადელმა მეცნიერებმა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მონაცემები მშობლების დახმარებით, 2011-დან 2016 წლის ჩათვლით შეისწავლეს. სტატისტიკურმა ანალიზმა დაახლოებით ისეთივე შედეგი აჩვენა, რაც ადრეულ კვლევებში, შედარებით უფროს ბავშვებში ჩატარებულმა ანალოგიურმა ექსპერიმენტებმა.

აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთაც მშობლები 2 წლის ასაკიდან აძლევდნენ სათამაშოდ სმარტფონებს, თუ ტაბლეტებს, ან აყურებინებდნენ ტელევიზორს, 3 წლის ასაკში უფრო ცუდად აბარებდნენ განვითარების ტესტებს, ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლები ე.წ. საეკრანო დრო ჰქონდა გამოყოფილი. ასევე ისინი, ვინც 3 წლის ასაკში მეტ დროს ატარებდნენ ეკრანთან, მოგვიანებით, 5 წლის ასაკში ჩამორჩებოდნენ თავის თანატოლებს.

“რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან, უფრო დაგვიანებულია მისი განვითარების მაჩვენებლები” - უთხრა შერი მადიგანმა ადგილობრივ გამოცემას “კალგარი ჰერალდს”. ის მშობლებს ურჩევს, დათვალონ თითოეული წუთი, რომელსაც ბავშვი ეკრანთან ატარებს, შეკრიბონ და შეაჯამონ მთელი დრო, რომელსაც ის სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობასთან ახლოს დაჰყოფს.

ისევე როგორც ამერიკელი პედიატრები, კანადის პეტიატრთა ასოციაციაც კრძალავს 2 წლამდე ბავშვების ეკრანებთან დასმას. კანადელ ექიმთა რეკომენდაციით, 2 წლის ზევით ასაკის ბავშვის ეკრანთან დასმა დღეში მაქსიმუმ, მხოლოდ ერთი საათით შეიძლება.

კვლევის ავტორების თქმით, თანამედროვე ოჯახებში ეკრანთან დაკავშირებული გართობა იმდენად არის დამკვიდრებული, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებიც კი ეკრანთან კვირაში საშუალოდ 11-დან 17 საათს ატარებენ. ანუ, დღეში 1.6-დან 2.4 საათამდე. ანალოგიური სიტუაციაა შეერთებულ შტატებშიც, სადაც რამდენიმე გამოკითხვის მიხედვით, ბავშვები ყოველდღიურად საშუალოდ 2.3 საათის განმავლობაში ეკრანს არიან მიჯაჭვულები.

საქმე იმაშია, რომ ბავშვის განვითარებაში პირველ 5 წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კანადელ მეცნიერთა კვლევა ბავშვების განვითარებას სწორედ ამ კრიტიკულ პერიოდში აკვირდებოდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საეკრანო დროს ბავშვის ოპტიმალურ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა აქვს.

როცა ბავშვი ეკრანზეა მიჯაჭვული, იკარგება დრო, რომელიც მას საკომუნიკაციო, ინტერაქტიული, ფიზიკური უნარების განვითარებისთვის სჭირდება. ეს შეიძლება იყოს მეტყველება, სირბილი, ემოციური გაცვლა-გამოცვლა, სოციალური კომუნიკაცია უფროსებთან, ან თამაში თანატოლებთან, შინაურ ცხოველებთან, რაც ამ ასაკში მათი განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

კვლევის ავტორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საეკრანო დროის ზემოქმედების შესწავლა ასეთ მცირეწლოვან ასაკში მოხდა. მეცნიერები დაბეჯითებით ურჩევენ ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც ციფრულ ერაში ცხოვრობენ, მიუხედავად დიდი ცდუნებისა, მოარიდონ ბავშვები ეკრანს, რათა მათი სწორი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ჩამოყალიბება უზრუნველყონ. ეს აუცილებელია სწორედ 5-6 წლამდე, რადგან შემდეგ ბავშვი სკოლაში მიდის და მისი საეკრანო დრო, გამოკითხვების მიხედვით, ამ ასაკიდან ოდნავ მცირდება.

ნაშრომის წამყვანი ავტორია ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი შერი მადიგანი. კვლევის შედეგების უფრო დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია ჟურნალებში “ნეიჩერ” და “ჯამა”.