მელბურნის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეს ადამიანებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და უსაფრთხოება, ვიდრე 30 წლის წინ. როგორც ირკვევა, პარალელურად, მნიშვნელოვნად იკლო ძალაუფლების მქონეთა მიმართ პატივისცემამ და მორჩილებამ.
მაგრამ, როცა საქმე ეხება მორალურ შეფასებებს გარკვეულ ჯგუფებთან მიმართებაში, საინტერესოა, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე სტაბილურად მატულობდა სხვათა განსჯის ხარისხი. თანდათან იზრდებოდა ადამიანთა შეფასება, მათთვის ერთგვარი იარლიყების მიკვრა, “კარგ”, ან “ცუდ” ჯგუფში მოთავსება, ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა ოჯახის, ან ქვეყნის ერთგულება.
მეცნიერებმა ეს დასკვნები “გუგლის წიგნების” მონაცემთა ბაზის შესწავლის საფუძველზე გამოიტანეს. ბაზა მართლაც უნიკალურად მდიდარია, ის 500 მილიარდზე მეტ ელექტრონულ წიგნს აერთიანებს. წიგნში ნახსენები სიტყვების მიხედვით, მკვლევარები სხვადასხვა სიტყვების პოპულარობის ზრდას და ვარდნას წლების მიხედვით სწავლობდნენ. ისინი აკვირდებოდნენ პრიორიტეტებს და ტენდენციებს მორალურ შეფასებებში, დაწყებული 1900 წლიდან, 2007-ის ჩათვლით.
ანალიზმა აჩვენა, რომ ინგლისურენოვან წიგნებში მკვეთრად გაიზარდა ინდივიდუალური ფასეულობების ნიშნები. ყველაზე მარტივი მაგალითით, ეს კარგად ჩანს იმაში, რომ გახშირდა ნაცვალსახელის “მე” ხმარება და შემცირდა “ჩვენ”. მსგავსი რამ ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველად მოხდა ჩინეთში გამოცემულ წიგნებში.
მეცნიერები აკვირდებოდნენ ისეთი სიტყვების სიხშირესაც, მთელი გასული საუკუნის მანძილზე, როგორიცაა - “ცნობიერება”, “გულწრფელობა”, “სიკეთე”, “მორალური”, “სწორი”, “არასწორი”, “კეთილი”, “ბოროტი” და ასე შემდეგ. მკვლევარები იქვე მიუთითებენ, რომ წიგნებში კაცობრიობის კულტურა მაინც შეზღუდულად აისახება და მათი კვლევის შედეგებიც ცდომილებისგან რა თქმა უნდა, დაცული არ არის.
ისინი ამბობენ, რომ ზოგადად, ძალიან საინტერესოა თაობების მორალურ მგრძნობელობაზე დაკვირვება, იმავე პერიოდში გამოცემული წიგნების საფუძველზე. ადამიანური მორალი მუდმივად იცვლება, ის არ გამოირჩევა სიმტკიცით და მონოლითურობით და ისტორიის და განვითარების სხვადასხვა პერიოდს განსხვავებულად ასახავს.
როგორც ირკვევა, ძველ თეორიებში მორალის საფუძვლების 5 მიმართულებას გამოყოფდნენ. ესენია:
- სიწმინდეებზე დაფუძნებული მორალი
- ჯგუფზე დაფუძნებული - ოჯახზე, სამშობლოზე...
- ძალაუფლების ავტორიტეტზე დაფუძნებული
- სამართლიანობაზე დაფუძნებული (წინააღმდეგობაში მოდის წინასთან)
- ზრუნვაზე დაფუძნებული - ტკივილის შემცირებაზე, თანაგრძნობაზე, უსაფრთხოებაზე...
როგორც ჩანს, ადამიანები ასაკის, სქესის, ხასიათის, თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით, ამ ხუთს ჯგუფს შორის სხვადასხვა ხარისხით ნაწილდებიან. მაგალითად, ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსების თეორიები ძირითადად პირველს, მეორეს და მესამეს ეყრდნობა. კონსერვატორული ჯგუფები უმეტესად სიწმინდეებზე, ავტორიტეტებზე და ჯგუფურ მორალზე აპელირებენ.
განსხვავებული ვითარებაა მემარცხენეებში. მათი უმეტესი ნაწილი მეოთხეს და მეხუთეს ირჩევს. მემარცხენეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია სამართლიანობა, თანაბარი შანსები, ტოლერანტობა, მიუკერძოებლობა. ასევე მნიშვნელოვანია ტანჯვის, ჩაგვრის, სისასტიკის არიდება და მათი ჩანაცვლება მზრუნველობით, თანაგრძნობით, მეტი დაცულობით, უსაფრთხოებით.
ამ ხუთ მიმართულებაში ძალიან საინტერესოა გენდერული მიკერძოებულობაც. ქალების დიდი ნაწილი თურმე უფრო მეხუთე ჯგუფისკენაა მიდრეკილი. კაცები კი ხშირად მეორეს არჩევენ. როგორც ჩანს, ქალების უმრავლესობისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების შეგრძნებას, ტკივილისგან დაცვას და ისინი სხვებსაც იმის მიხედვით აფასებენ, თუ რამდენად მზრუნველი და თანამგრძნობი ადამიანები არიან.
მორალის სწორედ ეს 5 ფუნდამენტი დაედო საფუძვლად მეცნიერთა კვლევას, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ. მეცნიერებმა გამოიყენეს ახალი მეთოდი სახელად - კულტურომიკა, რაც ნიშნავს კულტურის რაოდენობრივ ანალიზს, მილიონობით ციფრული (ელექტრონული) წიგნის შესწავლის საფუძველზე.
მკვლევარებმა ამ ახალი ნაშრომით, თანამედროვე მორალის განვითარებაში ახალი ნიუანსები და ტენდენციები დააფიქსირეს. ზოგიერთი რამ მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი იყო და ფაქტობრივად, წინამდებარე ნაშრომებთან წინააღმდეგობაშიც კი მოდის.
კერძოდ: მორალის ფსიქოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დღევანდელი მორალი ის აღარ არის, რაც საუკუნეების წინ იყო. ბოლო საუკუნეებში შეიცვალა შეხედულება სიკეთეზე და ბოროტებაზე, ადამიანები ნაკლებად სტერეოტიპულად აზროვნებენ და მეტად ტოლერანტულები გახდნენ. ან, ცდილობენ მაინც, რომ იყვნენ უფრო მიმღები, გახსნილი და თანამგრძნობი.
მეცნიერთა დიდი ნაწილი უახლეს ისტორიას ერთგვარ “დე-მორალიზაციის” პერიოდსაც კი უწოდებდა. პროგრესთან ერთად, ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ადამიანები ნაკლებად განსჯიდნენ სხვებს და ეს პოლიტიკურ კულტურებშიც, განსაკუთრებით - დასავლეთში, ფართოდ დამკვიდრებული ტენდენცია ჩანდა.
მაგრამ, სიტუაცია ბოლო ათწლეულების მანძილზე შეიცვალა, განსაკუთრებით - 1980 წლის შემდეგ. ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ჯგუფურ პრინციპებზე დაფუძნებული მორალი ბოლო 30 წლის მანძილზე აღმავლობის გზაზეა და ტენდენცია იმდენად გამოკვეთილია, რომ მკვლევარები ბოლო რამდენიმე ათწლეულისთვის “რე-მორალიზაციის” დარქმევის ინიციატივით გამოდიან.
მეცნიერების აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები უფრო მგრძნობიარეები გახდნენ, რომ დღეს მათ უფრო მეტი რამ წყინთ და აღაშფოთებთ, ვიდრე ადრე, არ არის გამორიცხული, რომ ამ ერთგვარმა გადაჭარბებულმა ცენზურამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. აშკარაა, რომ ბოლო ათწლეულებში გაცილებით უფრო გაიზარდა პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკურ ჯგუფებს მეტი თავდაჯერება გაუჩნდათ. მათში იკვეთება სიმართლეზე, საკუთარ, ან თანამოაზრეთა მორალის სისწორეზე ექსკლუზიური უფლების შეგრძნება, რაც პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს.
აღნიშნული ნაშრომის ავტორები არიან მელბურნის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორები: მელანი მაკგრათი, ნიკ ჰასლამი და უფროსი მეცნიერი მელისა უილერი. კვლევა 27 თებერვალს გამოქვეყნდა ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში „პლოს უან“ (PLOS ONE).