ერთი ორგანიზმიდან მეორეში მეხსიერების ტრანსპლანტაცია სამეცნიერო ფანტაზიიდან რეალობაში ინაცვლებს და სამეცნიერო ფაქტი ხდება. მართალია, ადამიანებზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა და ცნობილი ფილმის “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” პერსონაჟთა პროტოტიპები ამ წუთას ჩვენს გვერდით არ დადიან, მაგრამ მეხსიერების გადანერგვის ექსპერიმენტები ჯერ თაგვებში, ახლა კი უკვე ზღვის ლოკოკინებში წარმატებით დასრულდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალის ბიოლოგები ზღვის ლოკოკინებზე მუშაობდნენ. მათ შეძლეს ლოკოკინების ერთი ჯგუფიდან მეორეში მეხსიერების იმპლანტირება. 15 მაისს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ადამიანის მეხსიერების აღდგენის სამკურნალო საშუალებებს მიაგნებენ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგთა ჯგუფის განმარტებით, ადამიანის ორგანიზმის მსგავსად, ზღვის ბევრი ორგანიზმი ფუნქციონირებს. ზღვის ლოკოკინა მსგავსი ექსპერიმენტებისთვის თურმე კარგ ობიექტად ითვლება, რადგან მათი ნერვები იმპულსებს ძირითადად, ადამიანის მსგავსად გადასცემს.
კვლევის ავტორების თქმით, უჯრედოვან და მოლეკულურ დონეზე მიმდინარე პროცესები ადამიანში და ლოკოკინაში (ლათინური დასახელებაა Aplysia Californica) ერთმანეთს ძალიან გავს, იმის მიუხედავად, რომ ლოკოკინაში დაახლოებით 20 ათასი ნეირონია, ადამიანში კი ფიქრობენ, რომ ნეირონების რაოდენობა საშუალოდ 100 მილიარდია.
მეცნიერებმა ზღვის ლოკოკინების ერთი ჯგუფი გაწვრთნეს და მათ ძალიან მცირე დოზით ელექტროშოკზე თავდაცვის რეაქცია ასწავლეს. მეორე ჯგუფი სტერილური იყო და მათ არ იცოდნენ, თუ როგორი რეაგირება უნდა ჰქონოდათ. შემდეგ, გენეტიკური ინფორმაცია რნმ-ის (რიბონუკლეინმჟავა) საშუალებით, წინასწარ გაწვრთნილი ლოკოკინებიდან გაუწვრთნელ ლოკოკინებს ჩაუნერგეს.
ტრანსპლანტაციის შემდეგ, ზღვის ლოკოკინებმა ისე დაიწყეს მოქცევა, თითქოს ეს მათი საკუთარი მეხსიერება იყო. ისინი თავს ისე იცავდნენ, რომ დიდი ხნის გაწვრთნილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მეცნიერები აქვე განმარტავენ, რომ ელექტროშოკი მცირე დოზით გამოიყენებოდა და ლოკოკინებისთვის მათ ზიანი არ მიუყენებიათ. თავდაცვითი რეაქცია იმაში გამოიხატება, რომ სტრესის დროს, ლოკოკინები ლამაზ, იისფერ მელანს გამოყოფენ.
“ვფიქრობ, არცთუ ისე შორეულ მომავალში შევძლებთ ალცჰაიმერით, ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრას” - ამბობს პროფესორი დეივიდ გლანზმანი. ბიოლოგიის, ფიზიოლოგიის და ნეირობიოლოგიის პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს-ანჯელესის ფილიალში ჩატარებული კვლევის ხელმძღვანელია.
ნაშრომი 15 მაისს გამოქვეყნდა ნეირომეცნიერთა საზოგადოების ინტერნეტ-გამოცემაში “ნეირომეცნიერების ჟურნალი” და ის საჯაროდ ხელმისაწვდომია. კვლევის თანაავტორები არიან: ალექსის ბედეარაცი, შანპინგ ჩენი, კეისი პირსი და დიანკაი კაი. ის დააფინანსა ნევროლოგიური აშლილობების და ინსულტების ეროვნულმა ინსტიტუტმა და მენტალური ჯანმრთელობის და მეცნიერების ეროვნულმა ინსტიტუტმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი გარღვევა ამ მიმართულებით, სულ რაღაც 4-5 წლის წინ მოხდა. 2013-14 წლებში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვების თავის ტვინში მოგონებების ჩანაცვლება შეძლეს.
ამერიკელმა ნეირომეცნიერებმა შუ ლიუმ და სტივ რამირესმა მაშინ დაამტკიცეს, რომ თაგვების თავის ტვინში შესაძლებელია ცოდნის და მეხსიერების კონტროლი, მანიპულირება და ახლის შექმნაც კი. ბოსტონში, „ტედის“ საჯარო ლექციაზე, სტივ რამირესმა თქვა, რომ „თავის ტვინი, რომელშიც ერთი შეხედვით საკმაოდ ბევრი საიდუმლოებით მოცული რეგიონია, სინამდვილეში ფიზიკური სეგმენტებისგან შედგება, რომლებზე ექსპერიმენტირებაც სავსებით შესაძლებელია“.
Facebook Forum