ხუთშაბათს, საფრანგეთმა და გერმანიამ პირობა დადეს, რომ ახალი კორონავირუსის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კიდევ უფრო მეტად დააფინანსებენ. გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჟენევაში ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა, რათა პანდემია და მასზე გლობალური რეაგირება განეხილათ.
"დღეს ჩვენ სრულად ვიღებთ საჭირო მხარდაჭერას, პოლიტიკურად და ფინანსურად. ორივე, გერმანია და საფრანგეთი ჯანმოს და გლობალური ჯანდაცვის დიდი ხნის მეგობრები არიან" - თქვა გებრეიესუსმა შეხვედრის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე და მადლობა გადაუხადა საფრანგეთის და გერმანიის მინისტრებს ლიდერობის და მხარდაჭერისთვის. "შევთანხმდით, რომ ახლა, როგორც არასდროს, მსოფლიოს სჭირდება ლიდერობა და საერთაშორისო თანამშრომლობა" - დაწერა მან სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტში დამტკიცებისთანავე, გაეროს ჯანდაცვის უწყებას უკვე ივლისში, 560 მილიონ დოლარს და სამედიცინო მოწყობილობებს გადასცემს. საფრანგეთი ჯერ $100 მილიონს გადაურიცხავს ჯანმოს კვლევით ცენტრს ლიონში, შემდეგ კი დამატებით, $56 მილიონით დაეხმარება.
ხუთშაბათს გამართული შეხვედრა დაემთხვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებას. ის ამბობს, რომ მთელ ევროპაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების "ძალიან მნიშვნელოვანი მატება" ფიქსირდება. ევროპის ქვეყნებში დღეში საშუალოდ ინფიცირების თითქმის 20 000 ახალი შემთხვევა და 700-ზე მეტი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება.
გასულ თვეში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვიტა, საერთოდ გაეწყვიტა კავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 მაისს განაცხადა, რომ ორგანიზაციას ჩინეთი აკონტროლებს.
ასევე ნახეთ: ტრამპი: ამერიკა ჯანმოსთან კავშირს გაწყვეტს