ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენიმე საინტერესო სიახლე კორონავირუსზე


აშშ: ნიუ-იორკში სიტუაცია გაუმჯობესდა, სამხრეთში სიტუაცია უარესდება

100 დღეზე მეტხანს გაგრძელებული კარანტინის შემდეგ, დღეს ნიუ-იორკელებმა პირველად შეძლეს სილამაზის სალონებში შესვლა, მოწესრიგება, ბავშვების სათამაშო მოედნებზე გაყვანა, შოფინგ-ცენტრების მონახულება და ღია კაფეებში ჩამოჯდომა. ერთ დროს გლობალური პანდემიის აფეთქების ეპიცენტრში მყოფი შტატი, ძველი ცხოვრების რიტმის დაბრუნებისკენ პირველ ნაბიჯებს ფრთხილად დგამს.

ნიუ-იორკში და მიმდებარე ნიუ-ჯერსის შტატში, ბოლო დღეებში ინფიცირების რეკორდულად მცირე მაჩვენებლები დაფიქსირდა. აღებული ანალიზებიდან ახლა მხოლოდ 1-2% ბრუნდება დადებითი პასუხით. თუმცა, გაცილებით რთული ვითარებაა ამერიკის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ შტატებში, სადაც დადებითი პასუხების მაჩვენებელი 10%-ს აჭარბებს.

რეკორდული ზრდა აღირიცხა არიზონის, ფლორიდის, კალიფორნიის და ტეხასის შტატებში, რომლებიც მოსახლეობის მიხედვით, ამერიკის დაახლოებით მესამედს შეადგენს. ამასთან, რეკორდულად იზრდება ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, რაც პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ზუსტი მაჩვენებელია, რადგან ის ტესტირების რაოდენობის გაზრდაზე არ არის დამოკიდებული.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ფლორიდის შტატში სარეანიმაციო პალატების 75% უკვე შევსებულია. ინფიცირების შემთხვევები ასევე სწრაფად იზრდება ალაბამის, ჯორჯიის, ნევადის, ოკლაჰომის, ორეგონის და რამდენიმე სხვა შტატში.

მეორე ტალღა სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აქამდე აცხადებდნენ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები პანდემიის თავდაპირველი აფეთქების გაგრძელება იყო. დღეს კი, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (KCDC), კოვიდ-19-ის მორიგ შემოტევას, პანდემიის მეორე ტალღის კვალიფიკაცია მისცა.

ინფიცირების ახალი შემთხვევები ძირითადად ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ დედაქალაქ სეულში და მის გარეუბნებში ფიქსირდება. ადგილობრივი დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი თვლის, რომ მეორე ტალღა მათთან მაისში დაიწყო.

ახალი კორონავირუსით პირველი რეგისტრირებული ინფიცირების შემთხვევა სამხრეთ კორეაში 20 იანვრით თარიღდება. ერთ თვეში, 21 თებერვალს იქ უკვე 346 დადასტურებული შემთხვევა ჰქონდათ.

ევროპაში არ მოდუნებულან

ევროპის უმეტეს ქვეყნებში საკარანტინე ზომები თანდათან შემსუბუქდა და ევროპელები ქუჩებში, ღია კაფეებში და ზოგან უკვე სპორტულ დარბაზებშიც კი, გაცილებით თამამად დადიან. ამის მიუხედავად, ევროპულ საავადმყოფოებში პანდემიის მეორე ტალღისთვის სერიოზული მზადება მიდის.

მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო პერსონალის ე.წ. რეზერვისტების არმიას ამზადებენ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ადგილებზე ექიმებს და ექთნებს დაეხმარება. ზოგან საბაზისო სამედიცინო ცოდნის შესაძენად, სწრაფი კურსებიც კი გაიხსნა, რომელიც მსურველებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად ამზადებს.

გერმანიამ ერთი თვის წინ, გრიპის ვირუსის აცრების ბანკის წინასწარ გამზადება გადაწყვიტა, რომ დამატებითი გართულებების თავიდან აცილებისთვის, ვაქცინით არამარტო საკუთარი მოსახლეობა, არამედ მეზობელი ქვეყნებიც უზრუნველყოს.

პანდემიასთან ბრძოლის გერმანული მოდელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:25:50 0:00

ანტისხეულებით მიღებული იმუნიტეტის "პასპორტი"

როგორც ცნობილია, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სხეულში ანტისხეულები აქვთ, რომლებიც მათ რეინფიცირებისგან იცავს. თუმცა, პანდემიის დაწყებიდან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ რამდენი ხანი ძლებს ორგანიზმში ეს ანტისხეულები.

ერთ-ერთი ჩინური კვლევა ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებში კოვიდ-19-ის ანტისხეულების რაოდენობა 2-3 თვის შემდეგ დრამატულად იკლებს. კლება ფიქსირდება როგორც სიმპტომების მქონე, ასევე ასიმპტომატურ პაციენტებში.

აღნიშნული ინფორმაცია კითხვებს აჩენს ვირუსის სარს-კოვ-2 წინააღმდეგ ადამიანის იმუნიტეტის ხანგრძლივობაზე, ე.წ. იმუნიტეტის პასპორტზე. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მიმდინარე კვლევები გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გადასხმასთან დაკავშირებით, რომელზეც მეცნიერები გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ.

გერმანიაში ჯანდაცვის ოფიციალური პირები უკვე მსჯელობენ იმ ნაბიჯის ეთიკურობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია კოვიდ-19 მოხდილი პაციენტების შეუზღუდავი გადაადგილება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სოციალური დისტანციის დაცვა, ნიღბები და სხვა პოსტპანდემიური ზომები ყველასთვის ერთნაირად საჭირო უნდა იყოს.

ინოვაცია ისრაელში

ისრაელში მდებარე კომპანია აცხადებს, რომ მათ ისეთი ნაჭერი გამოიგონეს, რომელსაც სარს-კოვ-2 ვირუსის 99%-ის ნეიტრალიზება შეუძლია. ინოვაციური ნაჭერი ლაბორატორიაში რამდენჯერმე გარეცხვის შემდეგაც შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ის ხმარების შემდეგაც არ კარგავს ამ უნიკალურ თვისებას.

კომპანია "სონოვიას" მრავალჯერადი ანტივირუსული ნიღბები თუთიის ჟანგის ნანო-ნაწილაკებით არის დაფარული. ისრაელის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ის წარმატებით იცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოსგან და სხვა საფრთხეებისგან.

SARS-COV-2 ვირუსის ნაწილაკებით (ყვითელი) ინფიცირებული უჯრედი (წითელი). პაციენტის ორგანიზმიდან იზოლირებული ნიმუშის გაფერადებული ფოტოს ავტორია აშშ-ის ინფექციების ეროვნული ინსტიტუტი NIAID.
SARS-COV-2 ვირუსის ნაწილაკებით (ყვითელი) ინფიცირებული უჯრედი (წითელი). პაციენტის ორგანიზმიდან იზოლირებული ნიმუშის გაფერადებული ფოტოს ავტორია აშშ-ის ინფექციების ეროვნული ინსტიტუტი NIAID.

ახალი ნიღბები შანხაიშიც გამოსცადეს. დღეს ჩინეთის მიკროსპექტრუმის ლაბორატორიამ განაცხადა, რომ ისრაელში შექმნილი ნაჭერი ადამიანის ორგანიზმს ახალი კორონავირუსის 90%-ისგან იცავს. "სონოვია" ნაჭრისგან არამარტო ნიღბების, არამედ საავადმყოფოების პერსონალისთვის აუცილებელი ეკიპირების გამოშვებას გეგმავს.

სიფრთხილე დიდხანს მოგვიწევს, შეიძლება წლებიც კი…
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:29 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG