„ეფლი“ და „გუგლი“ სმარტფონების ბაზარზე დიდი ხნის კონკურენტები არიან. დღეს ისინი პანდემიას კოვიდ-19 ერთად ებრძვიან და ტექნოლოგიების ფრონტზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტის გამოშვებაზე ერთობლივად მუშაობენ. პარტნიორები ახალ სისტემას ქმნიან, რომელმაც კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების კონტაქტების კვალი უნდა ამოიცნოს და მათ გაფრთხილება გაუგზავნოს.
ორივე კომპანიაში ფიქრობენ, რომ სისტემა მაისის შუა რიცხვებში იქნება მზად. ეს ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ეკონომიკა თანდათან, ეტაპობრივად ამუშავდება და კარანტინის მოხსნის შემდეგ, პანდემიის მართვაში ტექნოლოგიური დახმარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
სიახლეს ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ელიან. „ეფლის“ და „გუგლის“ ოპერაციული სისტემები მსოფლიოს ბაზარზე არსებული სმარტფონების დაახლოებით 99 პროცენტში დომინირებს. შესაბამისად, ახალი სისტემა, სურვილის შემთხვევაში, სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება და სარს-კოვ-2-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფ პირებს, რისკის არსებობის თაობაზე შეტყობინებას გაუგზავნის.
სისტემის ადრეული ვერსია უკვე მზად არის. „ეფლის“ და „გუგლის“ გეგმაა, ახალი სისტემა მხოლოდ ჯანდაცვის ოფიციალური პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. კერძო ინფორმაციის დაცვის მიზნით, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ დაბლოკავენ ადგილმდებარეობის (ლოკაციის) მონიტორინგის ფუნქციას იმ სატელეფონო აპლიკაციებში, რომლებიც მათ მიერ შექმნილ კონტაქტების მონიტორინგის სისტემას გამოიყენებს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ სისტემაში და მის ანალოგებში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ფართო განხილვის საგნად რჩება. მაიკლ ვიელი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ლექტორი ამბობს, რომ „ეფლის“ და „გუგლის“ პროდუქტი „იძლევა ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა ფუნქციას, უფრო დეცენტრალიზებული სახით და მისაღებად კონფიდენციალური აპლიკაციის საშუალებით“. ვიელის თქმით, ახალი სისტემა შეუთავსებადია ცენტრალიზებულ ევროპულ ანალოგებთან, როგორიცაა მაგალითად, კონტაქტების მონიტორინგის ევროპული სისტემა DP3T (დი-ფი-3-თი)“, რომლის შემოღებასაც აპრილის დასაწყისში ბრიტანეთი და გერმანია განიხილავდნენ.
სამშაბათს, პარიზმა „ეფლს“ ბრალი დასდო იმაში, რომ ის არ ეხმარება საფრანგეთის ჯანდაცვას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში და არ ზრდის „აიფონების“ თავსებადობას კონტაქტების მონიტორინგის ადგილობრივ აპლიკაციასთან „სტოპკოვიდ“. საფრანგეთის ოფიციალურ პირებს სურთ „ეფლმა“ შეცვალოს სისტემა ისე, რომ ბლუთუსი მუდმივად ჩართული იყოს, რაზეც კომპანია არ თანხმდება.
„მათ ამაზე უარი თქვეს... ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ისეთ პერიოდში ვართ, როცა ყველა მობილიზებულია პანდემიასთან საბრძოლველად“ - თქვა საფრანგეთის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა. საფრანგეთს, ისევე როგორც ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანას, სურს, რომ მონაცემთა ბაზა ცენტრალიზებული იყოს, რაც მათი არგუმენტაციის მიხედვით, კოვიდ-19-ის საეჭვო შემთხვევების კონტროლს აადვილებს.
„ეფლში“ და „გუგლში“ იმასაც აცხადებენ, რომ მათი მიზანია არამარტო კერძო ინფორმაციის დაცვა, არამედ პირველ რიგში, მომხმარებლების დაცვა ისეთი მთავრობისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვებას დაისახავს მიზნად. „ეფლის“ და „გუგლის“ სისტემა შეტყობინებებისთვის ტელეფონების ბლუთუსის სიგნალს გამოიყენებს და არა ადგილმდებარეობის მონაცემებს, იმის მიუხედავად, რომ ამერიკის რამდენიმე შტატმა მათ თხოვნით მიმართა, ჰქონოდათ წვდომა გლობალური პოზიციონირების სისტემაზე (GPS), რაც მათი თქმით, ჯანდაცვის სისტემებს პანდემიის მართვაში და კლასტერების გეოგრაფიულ იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
სილიკონის დაბლობის ორმა ტიტანმა მათი სისტემის გამოყენებისთვის რამდენიმე წინაპირობა წამოაყენა. ადგილმდებარეობის გაზიარების აკრძალვის გარდა, „ეფლის“ და „გუგლის“ მთავარ მოთხოვნებს შორისაა: მათ სისტემაზე დაყრდნობით აპლიკაციების შექმნის უფლება ექნებათ მხოლოდ სამთავრობო ჯანდაცვის სისტემებს; ყველა აპლიკაციამ მომხმარებელს გამოყენებამდე უნდა სთხოვოს ნებართვა და ხელი მოაწეროს შეთანხმებას; ხელმოწერა უნდა მოხდეს მეორე შეთანხმებაზეც, ტესტირების შემდეგ, ვიდრე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონტაქტებთან გაზიარება მოხდება; მონაცემთა ბაზის შექმნა მინიმუმზე უნდა იყოს დაყვანილი და მხოლოდ მომხმარებელთა ჯანმრთელობას უნდა ეხებოდეს; მონაცემთა ბაზის სხვა მიზნებისთვის გამოყენება იკრძალება, მათ შორის - მიზნობრივი რეკლამების, ან პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის.
ზოგიერთი სახელმწიფო და ამერიკის რამდენიმე შტატი მსგავს აპლიკაციას უკვე იყენებს. მაგალითად, კანადის პროვინცია ალბერტა, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე მეტია, აცხადებს, რომ არ აპირებს „ეფლის“ და „გუგლის“ ახალი სისტემის გამოყენებას, რადგან ჯერჯერობით წარმატებით ხმარობს საკუთარ აპლიკაციას.
უცნობია, გამოიყენებს თუ არა ახალ სისტემას ავსტრალია, რომელმაც თავისი აპლიკაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ აამუშავა. „კოვიდსეიფ“ უკვე ჩამოტვირთა 4.25-მა მილიონმა ავსტრალიელმა, მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ ეფექტურად ამუშავებისთვის, პროგრამას სულ ცოტა, 10 მილიონი ადამიანი უნდა იყენებდეს, ანუ - ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%. ავსტრალიელი უფლებადამცველები პროგრამას უკვე აკრიტიკებენ კონფიდენციალური ინფორმაციის დაუცველობისთვის.
პანდემიის გამო, მსოფლიოს ჯანდაცვის ექსპერტები მსგავს სისტემებს კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებენ, რათა კარანტინში მყოფი საზოგადოება პოსტპანდემიურ სამყაროში, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ის გაცილებით გაუადვილებს სამუშაოს ჯანდაცვის სისტემებს, რომელთაც ამის კეთება ცოტა ხნის წინ საკუთარი ხელებით, უზარმაზარი რესურსის ხარჯზე უწევდათ.
Facebook Forum