ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დრონები სიცხეს გაზომავენ, კამერები კი შეამოწმებენ იცავთ თუ არა დისტანცირების წესებს


პანდემიის ფონზე, მსოფლიოს ათობით ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს, იხსნებიან კომპანიები და ადამიანები სამსახურებში ბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო რეგულაციების ნაწილი მოიხსნა, ძალაში რჩება დისტანციის დაცვის შეზღუდვები: ქუჩაში გასულმა ადამიანმა უნდა დაიცვას სოციალური დისტანცირების წესები და უნდა ეკეთოს პირბადე.

თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც საკარანტინო წესები შეამსუბუქეს, ეს ნორმები ისევ მოქმედებს. მიზეზი მარტივია: ამუშავდეს ეკონომიკა ისე, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

რამდენად უსაფრთხოდ იმუშავებს არაერთ ქვეყანაში შემსუბუქებული ზომები, ეს ჯერ არავინ იცის. პროცესზე ჯერ დაკვირვება მიმდინარეობს.

სახელმწიფოებს და კერძო კომპანიებს IT სპეციალისტები დახმარებას სთავაზობენ. შექმნილია რამდენიმე პროგრამა, რომელიც დამსაქმებლებს მისცემს საშუალებას, ე.წ. უსაფრთხოების კამერებს დამატებითი ფუნქცია შესძინონ.

უსაფრთხოების კამერები, რომლითაც შენობების როგორც შიდა ასევე გარე პერიმეტრია აღჭურვილი, სპეციალური პროგრამის საშუალებით შეძლებს გააკონტროლოს, იცავენ თუ არა სოციალური დისტანცირების ნორმებს როგორც დასაქმებულები, ასევე ვიზიტორები.

ისინი გააკონტროლებენ ორ რამეს: არიან თუ არა ადამიანები ერთმანეთისგან დაშორებულები 2 მეტრით და ასევე - უკეთიათ თუ არა მათ პირბადეები.

ზოგიერთი IT- სპეციალისტების მიერ შექმნილი პროგრამა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კამერებმა დააფიქსირონ ის ადამიანები, ვინც ახველებს და აცემინებს.

დრონების მწარმოებელი ერთ-ერთი ამერიკული კომპანია ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ქუჩაში ადამიანებს სიცხე დისტანციურად გაუზომონ. საუბარია კომპანიაზე "დრაგანფლაი" (DRAGANFLY). მან პანდემიის დროს შექმნა სპეციალური უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია კოვიდ19-ით სავარაუდოდ ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოწყობილობას შეუძლია ადამიანს სიცხე გაუზომოს მაშინაც კი, როცა დრონსა და ადამიანს შორის მანძილი 58 მეტრია. დრონს ასევე შეუძლია დახველების და დაცემინების შემჩნევა. კომპანიის დრონები უკვე გაყიდვაშია და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ინტერესი მათ პროდუქტზე დიდია.

"დრაგანფლაი" იუწყება, რომ კომპანიის მიერ შექმნილი მოწყობილობები ადამიანების იდენტიფიცირებას არ ცდილობს და მათი მიზანი მხოლოდ საზოგადოებისთვის სოციალური დისტანცირების წესების დაცვაში დახმარებაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG