ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსის აღმოსაჩენად არგენტინაში კარდაკარ დადიან


არგენტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ბუენოს-აირესში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები კარდაკარ ჩამოვლით აღმოაჩინოს. მედპერსონალისგან შემდგარი გუნდები ქუჩა-ქუჩა, სახლიდან სახლში გადადიან.

ახალი კორონავირუსის დეტექციის ჯგუფებს თან დააქვთ თერმომეტრები, ნიღბები და ალკოჰოლის გელი. ისინი ზარს დარეკვამდე ასტერილებენ და მასპინძლებს სიცხეს უზომავენ. საჭიროების შემთხვევაში, არგენტინელებს ნიღბებს უკეთებენ და ანალიზებს უღებენ. საეჭვო პაციენტები ჯგუფს თვითონ გადაჰყავს უახლოეს საგანგებო დახმარების ცენტრში, სადაც ისინი ანალიზის პასუხს ელოდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული პროგრამა რამდენიმე სცენარს ითვალისწინებს. სარს-კოვ-2-ზე ანალიზის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საეჭვო მოქალაქეს შინ ტოვებენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, 3 შესაძლო სცენარია: მსუბუქად დაავადებული პაციენტები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა არ ესაჭიროებათ, ან სახლში კარანტინში რჩებიან, ან სპეციალიზებულ სასტუმროებში გადაჰყავთ. საშუალო სიმძიმის პაციენტები საავადმყოფოში, კოვიდ-19-ისთვის ცალკე გამოყოფილ განყოფილებაში უნდა მოათავსონ. მძიმე პაციენტებს კი სპეციალიზებულ სარეანიმაციო განყოფილებაში აწვენენ.

არგენტინაში პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს საყოველთაო კარანტინი აქვს გამოცხადებული. მართალია, პროვინციებში შეზღუდვები ოდნავ შემსუბუქდა, მაგრამ ბუენოს-აირესში და მის გარეუბნებში ჯერ კიდევ მკაცრი ზომები მოქმედებს. ქვეყანაში ინფიცირებულია 35 552 და გარდაცვლილია 929 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG