ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლებელია თუ არა მსოფლიომ კორონავირუსის წინააღმდეგ სამხრეთ კორეის გამოცდილება გაიზიაროს?


კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეულ მოდელს, რომელიც გადაადგილებაზე სავალდებულო შეზღუდვებს ან ბიზნესების ფართომასშტაბიან დახურვას არ ეყრდნობა, ბევრი მსოფლიოსთვის მისაბაძ ნიმუშად განიხილავს.

დაავადების შესახებ ინფორმაციის შესაკრებად და საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის სწრაფად გასაზიარებლად, სამხრეთ კორეა იყენებს არა მხოლოდ პირად გამოკითხვებს, არამედ პირადი ინფორმაციის დიდ მოცულობაზე მყისიერ წვდომასაც, როგორიცაა საბანკო ოპერაციების ჩანაწერები, მობილურის “ჯი პი ესის” მონაცემები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ამის შედეგად, სამხრეთ კორეამ მოახერხა კორონავირუსის კლასტერების აღმოჩენა, ინფექციის მარშრუტების შესწავლა, ინფიცირებულების და კონტაქტში მყოფების სწრაფი იზოლაცია და პრობლემური წერტილების შესახებ საზოგადოების გაფრთხილება. სამხრეთ კორეას, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ყველაზე დაბალი შეფარდება აქვს. ორშაბათის მონაცემებით, 8961 შემთხვევიდან, მხოლოდ 111 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირდა ახალი ინფიცირების შემთხვევებიც. 29 თებერვალთან შედარებით, როდესაც ახალი შემთხვევების დღიურმა პიკმა 909-ს მიაღწია, ორშაბათს მხოლოდ 64 შემთხვევა აღირიცხა.

ასეთი წარმატება შესაძლებელი იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ 2015 წელს “მერსის” ეპიდემიის აფეთქების შემდეგ, რომელმაც 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამხრეთ კორეელმა კანონმდებლებმა პირადი ინფორმაციის დაცვის კანონები შეასუსტეს. ახლა, საშიში ეპიდემიების დროს, ხელისუფლებას ასეთ პირად ინფორმაციაზე წვდომა სასამართლოს ორდერის გარეშეც აქვს.

“ჰუმან რაითს ვოჩის” აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ როთმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია “ღრმად არის შეშფოთებული” იმით, რომ მთავრობები კორონავირუსის საფრთხეს, ელექტრონული თვალთვალის უფლების გასაძლიერებლად გამოიყენებენ. კენეტ როთს მიაჩნია, რომ საკმარისია ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცვის უფლების ეს ძირითადი ასპექტი დავთმოთ და მისი რეგულარულად გამოყენების ნება მივცეთ, ჯინის ბოთლში ჩაბრუნება ძალიან ძნელი იქნება.

კორონავირუსის კრიზისის პერიოდში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მოწონების ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, როგორიც თვეების განმავლობაში არ ჰქონია.

თუმცა, ეპიდემიასთან გამკლავებაში სამხრეთ კორეის მოდელის გადაღებას სხვა სიძნელეებიც ახლავს. კორეა შედარებით მცირე მოსახლეობის ქვეყანაა და თითქმის ნახევარი სეულში ცხოვრობს, რაც კოორდინაციას აადვილებს. შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მიზეზი კი ის იყოს, რომ სამხრეთ კორეის მთელი მოსახლეობა და თითქმის ყველა უცხოელიც კი, ხელმისაწვდომი და ეფექტური ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ნაწილია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG