ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კავშირს გაწყვეტს.
"ჩინეთი სრულებით აკონტროლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 40 მილიონ დოლარს იხდის წელიწადში, ამერიკა კი დაახლოებით 450 მილიონ დოლარს" - განაცხადა ტრამპმა პარასკევს თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"მსოფლიოს ვირუსთან დაკავშირებით ჩინეთისგან პასუხები სჭირდება. ჩვენ გამჭვირვალობა უნდა გვქონდეს. რატომ მოხდა, რომ ჩინეთმა ვუჰანში მცხოვრები ინფიცირებული ადამიანები ჩაკეტა და ჩინეთის დანარჩენ ნაწილში გადაადგილების საშუალება არ მისცა?" - დასძინა მან.
ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალ კორონავირუსზე დაგვიანებული თუ შეუსაბამო რეგირებისთვის ხშირად აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ თავდაპირველად ორგანიზაცია ჩინეთიდან მგზავრობის აკრძალვებს ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტმა ჯერ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ განაცხადა, შემდეგ კი თქვა, რომ შესაძლოა ამერიკამ საერთოდ შეუწყვიტოს მას დაფინანსება, თუკი ჯანმო უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არსებით ცვლილებებს არ გაატარებს.
პარასკევს კი ტრამპმა თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს "ძლიერ საჭირო რეფორმები" ვერ გაატარა და ამიტომ ამერიკა დღეს წყვეტს მასთან ურთიერთობას და ამ სახსრებს დანარჩენი მსოფლიოსკენ მიმართავს, რათა ეს თანხა გადაუდებელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მოხმარდეს.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ დრომდე ამბობდნენ, რომ ამერიკის დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში მნიშვნელოვანი, საგანგებო და გადაუდებელი საჭიროების პროგრამები დაზარალდება.
Facebook Forum