ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: "პანდემია კვლავ ძლიერდება"


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყნები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ, ბიზნესებს ხსნიან, კორონავირუსის პანდემია კვლავ ძლიერდება.

„ბევრ ქვეყანაში, ეპიდემია ახლა პიკს აღწევს, ან პიკისკენ მიემართება“ - აცხადებს ჯანმოს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელი, ექიმი მაიკლ რაიანი.

ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი, რომელიც ყოველდღე 15 000-მდე ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ იტყობინება, შეზღუდვების კვლავ დაწესების შესაძლებლობას უშვებს და მეორე ტალღის გასამკლავებლად ემზადება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, მაშინ, როცა მსოფლიოში პირველი მილიონი ადამიანი ახალი კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში დაინფიცირდა, ახლა ინფიცირების მილიონი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენას რვა დღე დასჭირდა.

„მთავარი საფრთხე, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას, არა ვირუსი, არამედ გლობალური სოლიდარობისა და ლიდერობის არარსებობაა“ - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ინფიცირების 9 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი 474 000 შემთხვევა ფიქსირდება.

ორივე კატეგორიაში, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ამის შესახებ ფაუჩიმ კონგრესში გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ტრამპი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს, ტესტირების რაოდენობის შემცირებას თხოვს.

თეთრი სახლი აცხადებდა, რომ პრეზიდენტს „სერიოზულად“ არ უთქვამს, როცა განაცხადა, რომ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დიდი რაოდენობის მიზეზი, უფრო მეტი ტესტირების ჩატარებაა. თუმცა, პირეზიდენტმა ტრამპმა, სამშაბათს საკუთარი ადმინისტრაციიის განცხადების საწინააღმდეგოდ თქვა, რომ ამ განცხადების გაკეთებისას, ის არ ხუმრობდა.

კონგრესში გამართულ მოსმენაზე, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ოპტიმისტური გათვლის შემთხვევაში, კორონავირუსის ვაქცინა, ყველაზე ადრე, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლოს იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, ამასთან ერთად, ის იმასაც ხაზს უსვამს, რომ ვაქცინის არსებობა, შესაძლოა არ იყოს გარანტია, რომ აცრა ადამიანს ვირუსისგან ხანგრძლივად დაიცავს.

რა ხდება მსოფლიოში?

ბრაზილიის ფედერალურმა სასამართლომ, პრეზიდენტ ბოლსონაროს საჯარო სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება დააკისრა, სხვა შემთხვევაში მას თითოეულ უნიღბოდ გატარებულ დღეზე, $400 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „სულმოუთქმელად ელოდება“, როცა შეძლებს ფაბში ან რესტორანში წასვლას მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნება. შეზღუდვები ბრიტანეთში მომდევნო თვეში მსუბუქდება, თუმცა პრემიერი მოსახლეობას პასუხისმგებლიანი ქცევისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ, რომ უახლოეს მომავალში, აშშ-ის მოქალაქეებისთვის საზღვრები არ გახსნან. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს. ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება, რომელი ქვეყნებისთვის გახსნის საზღვრებს, შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი. იქამდე ცნობილია, რომ ევროკავშირის საზღვრები, სავარაუდოდ არც რუსეთისთვის და ბრაზილიისთვის გაიხსნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG