რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საჯარო მიმართვების ყოფილი ავტორი, აბას გალიამოვი, რომლის სახელიც გასულ კვირას გამოჩნდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ პირთა ონლაინ რეესტრში, ეჭვმიტანილია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში. ამ ბრალდებას, რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომის წინააღმდეგ კრიტიკის ჩასახშობად იყენებს.
„ქსელის თავისუფლების“ ჯგუფმა, რომელიც ჟურნალისტების უფლებებს ონლაინ მონიტორინგს უწევს, 30 მარტს განაცხადა, რომ მოიპოვა გალიამოვის წინააღმდეგ გამოძიების ოფიციალური დოკუმენტები, სადაც ნათქვამია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უკრაინის ტელევიზიისთვის 1+1, YouTube პროექტთან ინტერვიუდან გამომდინარეობს.
ასევე ნახეთ: ბლინკენი ამერიკელი ჟურნალისტის მოსკოვში დაკავებას გმობსგალიამოვმა გამოცემას ინტერვიუ 2022 წლის 9 აპრილს მისცა, სადაც განიხილა რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულები უკრაინის ქალაქ ბუჩასა და კრამატორსკში.
მონიტორინგის ჯგუფმა თქვა, რომ გალიამოვის წინააღმდეგ გამოძიება 18 იანვარს დაიწყო და მისი სახელი ძებნილთა სიას 17 თებერვალს დაემატა, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გალიამოვს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გასულ თვეში, გალიამოვი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ დაამატა უცხოელი აგენტების რეესტრში და თქვა, რომ მან გაავრცელა „მასალები, რომლებიც შედგენილია უცხოელი აგენტების მიერ, უკრაინაში სპეცოპერაციის წინააღმდეგ იდეების გასავრცელებლად, და ის მონაწილეობდა როგორც ექსპერტი და რესპონდენტი უცხოეთის მიერ მართულ საინფორმაციო პლატფორმებზე".
ასევე ნახეთ: ერთი წელი ბუჩაში მომხდარი ტრაგედიიდან50 წლის გალიამოვი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. ის 2008 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა პუტინის თანაშემწედ საჯარო მიმართვების მომზადების კუთხით. 2010 წლიდან 2014 წლამდე იყო რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ბაშკირეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რუსტემ ხამიტოვის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.