კიევის გარეუბნებში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

კიევი, 25 თებერვლის ღამე

25 თებერვლის ღამით და 26-ში გამთენიისას, უკრაინის და რუსეთის ძალებს შორის შეტაკებები განსაკუთრებით გააქტიურდა კიევის გარეუბნებში. ამის მიუხედავად, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მთავრობა მიანიშნებს, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის.

კიევის ცენტრში არტილერიის და ავტომატების ხმა ისმის. უკრაინის თავდაცვა იუწყება, რომ კიევის მიმდებარე არმიის ბაზაზე მათ მნიშვნელოვანი შეტევა მოიგერიეს. საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ავიაბაზა ვასილკოვთან, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელსაც რუსეთის პარაშუტისტთა ძალებმა შეუტიეს.

"უკრაინის ბედი ახლა წყდება" - თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში, რომელიც "ტელეგრამის" არხით გავრცელდა. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ თავშესაფრებში არიან, იქიდან არ გამოვიდნენ. ვინც სახლებშია, მათ ურჩევენ მოცილდნენ ფანჯრებს და შენობის სიღრმეში დარჩნენ. გაეროს ინფორმაციით, ასობით ათასმა კიეველმა ქალაქი დატოვა. საჰაერო თავასხმის სირენები კიევის გარდა, სხვა დიდ ქალაქებშიც ისმის.

ასევე ნახეთ: ამერიკამ პუტინს და ლავროვს სანქციები დაუწესა

კვირების მანძილზე დასავლეთის განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიში რამდენიმე მიმართულებით მიიტანეს, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით. ეს ევროპის კონტინენტზე ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორეზე მიტანილი ყველაზე დიდი იერიშია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკუთარ ძალებს უკრაინის "ნაცისტებისგან" გაწმენდისკენ მოუწოდებს. ის უკრაინას რუსულენოვანთა "გენოციდში" ადანაშაულებს, კიევის და დასავლეთის ბრალდებებს კი უსაფუძვლო პროპაგანდას უწოდებს.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალს: არ მისცეთ უფლება ნეონაცებს ცოცხალ ფარად გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები" - ასე მიმართა პუტინმა უკრაინელებს ტელეეთერით რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრიდან. ორიოდ დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა, 44-მილიონიანი დემოკრატიული სახელმწიფო, არალეგიტიმური ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან წარმოიშვა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც უკრაინა, ისე რუსეთი აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის. კიევმა იმაზეც მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, განიხილება ნატოს მიმართ ნეიტრალური პოზიციის დაკავებაც. პრეზიდენტ ზელენსკის პრესსპიკერი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი მომდევნო საათებში შეთანხმდებიან შეხვედრის ადგილზე და დროზე.

ასევე ნახეთ: უკრაინა ნატოს მიმართ ნეიტრალიტეტის საკითხზე რუსეთთან სასაუბროდ მზადაა, თანხმობაა მოსკოვიდანაც