უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევში უკრაინის სამხედრო ტექნიკა შედის ქალაქის დასაცავად.
მან კიეველებს მოუწოდა, არ გადაიღონ და სოციალურ ქსელებში არ განათავსონ ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ინფორმაცია.
დენისენკოს განმარტებით, კიევში მოხალისეებზე უკვე გაცემულია 18 ათასი ავტომატი. უკრაინის შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის კიევი გაწმენდილია დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისგან. უწყების თანახმად, კიევში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა დაძაბულობა რჩება.
უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიეველებს მიმართა, დარჩნენ სახლებში, არ დატოვონ თავშესაფრები.
„მოიმარაგეთ წყალი, საკვები და აუცილებელი ნივთები, გაიმზადეთ თბილი ტანსაცმელი, პლედები, თავშესაფარში ყოფნის პერიოდში გამოსაყენებლად", - ურჩია მან მოქალაქეებს.
კლიჩკოს თქმით, დღეს დილით კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშისას, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე სახლის 4 მცხოვრები დაშავდა.
ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ რუსეთის მტკიცება, თითქოს ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ იღებენ მიზანში, არის "ტყუილი". მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ტერიტორიები რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.