"რადიო თავისუფლების" ცნობით, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციას ეყრდნობა, თბილისი ეხმარება უკრაინელ ტურისტებს, რომლებიც რუსული სამხედრო ინტერვენციის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
სასტუმროებშია განთავსებული საქართველოში ვიზიტად მყოფი პილიგრიმთა ჯგუფი, რომელიც 17 თებერვალს ჩამოვიდა და 24 თებერვალს უკან უნდა დაბრუნებულიყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოუწოდებს სხვა უკრაინელ ტურისტებსაც, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, დაუკავშირდნენ მათ იმისთვის, რომ დაეხმარონ სასტუმროებში განთავსებაში.
ადმინისტრაციამ 24 თებერვლიდან აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი (0 800 800 909), რომელზეც, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ 24 საათის განმავლობაში.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა. ადმინისტრაციის კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი, სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სოციალური ქსელების საშუალებით, დახმარებას სთავაზობენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები და სასტუმროების მფლობელებიც.
Facebook Forum