ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოლიდარობა უკრაინას - მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში


24 თებერვალს, უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია გორში
24 თებერვალს, უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია გორში

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეები სპონტანურად, სოციალური ქსელებით აორგანიზებდნენ შეკრებებს.

თბილისში, საღამოს შვიდ საათზე პოლიტიკურმა პარტია „დროამ“ მოიწვია ადამიანები, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. უკრაინისადმი მხარდამჭერი მსვლელობა "ვარდების მოედნიდან" დაიწყო და თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. მსვლელობაში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა და განაცხადეს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერის აუცილებლობა სცდება პარტიულ საკითხს და ეს ადამიანური მოვალეობაა.

აქცია უკრაინის საელჩოსთანაც გაიმართა, სადაც მოქალაქეები უკრაინის დიდი დროშით მივიდნენ და საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:20 0:00

ქუთაისში, უკრაინის სოლიდარობისადმი გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილია. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ის ამბობს, რომ მათ უკვე გააკეთეს განცხადება უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრით უზრუნველყოფის შესახებ. „თუ არიან ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფი უკრაინიდან, ტურისტები, ვინც ახლა ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვაწოდონ ინფორმაცია. ზოგს თავშესაფარი სჭირდება, ზოგს ტრანსპორტირება, ზოგს საკვები, ან მედიკამენტები. ჩვენ, გიდები, სასტუმროები, რესტორნები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი, მზად ვართ მათ გავუწიოთ დახმარება. ამის პრაქტიკა ჩვენ უკვე გვაქვს. მსგავსი დახმარება ჩვენ აღმოვუჩინეთ იმ ყაზახ ტურისტებსაც, რომლებსაც, დაახლოებით, თვენახევრის წინ საქართველოში მოუწიათ დარჩენა გასაგები მიზეზების გამო. ერთიანობა, ყაზახების დახმარება მაშინ შედგა და იმედი გვაქვს, ახლაც მოვახერხებთ ამგვარი თანადგომის გამოვლენას,“- გვეუბნება ლაშა ბერეკაშვილი.

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა დააორგანიზეს გორშიც. შეხვედრის წინ, მათ საკუთარი ხელით შეკერილი უკრაინის დროშები მიიტანეს. „ამ ადგილს რუსეთი ბომბავდა, აქ ცვიოდა კასეტური ჭურვები და დღეს სწორედ აქ ვდგავართ მაშინ, როდესაც უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ეს იყო ის ქალაქი, რომელიც ზუსტად მსგავსი სცენარის განხორციელების შედეგად დაიბომბა 2008 წელს. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსული ძალმომრეობა. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა საკუთარი ტერიტორიის 20 პროცენტი. მინდა, რომ თითოეულმა მოქალაქემ კარგად გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც დღეს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებას ნიშნავს,“ - ამბობს ლექსო ვალიაური, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გორში.

სწორედ იმ ადგილას გორში, სადაც 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეები შეიკრიბნენ და რომელიც კასეტური ბომბებით დაიცხრილა 2008 წელს, 23 თებერვალს პრორუსული „კონსერვატიული პარტიის“ ოფისი გაიხსნა. ამ პროცესში მონაწილეობა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა მიიღეს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების დღეს, პარტიის წარმომადგენლებს ოფისი წითელი საღებავებით შეღებილი დახვდათ.

„ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელ გმირებს, ვინც ახლა იბრძვის წინა ხაზზე და ეწირებიან იმ სამარცხვინო ომს, რასაც რუსეთი აწაროებს“,- ამბობს ამერიკის ხმასთან თეონა ფანქველაშვილი, გორში მომზადებული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

უკრაინის მხარდამჭერი აქცია გორში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

„ჩვენ ვერ ვნახეთ დღევანდელ აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოებასთან ერთად“,- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გორში, ანა ბალიაშვილმა "ამერიკის ხმასთან." ის დასძენს, რომ როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში უჭირთ გააცნობიერონ საფრთხე იმის შესახებ, რომ რუსეთის მომავალი მსხვერპლი, შესაძლოა, საქართველო იყოს.

გიორგი ოგანესიანი უკრაინისადმი მხარდამჭერ აქციას გორში ესწრებოდა, სადაც ბორჯომიდან, მშობლიური ქალაქიდან ჩამოვიდა. „მე ხვალისთვის ვაპირებ მსგავსი მხარდამჭერი აქციის მოწყობას ბორჯომში, დღეს კი აქ ვარ და აქ შევუერთდი თანამოაზრეებს. უკრაინელ ძმებსა და დებს მინდა ვუთხრა, რომ მაგრად დადგნენ ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ,“- ამბობს გიორგი ოგანესიანი.

უკრაინისადმი მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა. ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვინც "ამერიკის ხმას" ბათუმიდან ესაუბრა, ასევე აჟღერებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მზად არიან უკრაინელი მოქალაქეების მისაღებად და მათთვის დახმარების აღმოსაჩენად.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე 24 თებერვალს ახალი ინფორმაცია არ განთავსებულა. არ განახლებულა არც საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდი. ყველაზე ბოლო სიახლე აქ 23 თებერვლის თარიღით ფიქსირდება.

XS
SM
MD
LG