უკრაინას სურს მშვიდობა და ის მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. მათ შორის, ნატოსთან მიმართებაში ნეიტრალურ სტატუსზეც. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა გააკეთა.
"თუ მოლაპარაკებები შესაძლებელია, ისინი უნდა ჩატარდეს. თუ მოსკოვში ამბობენ, რომ სურთ მოლაპარაკებები, მათ შორის ნეიტრალურ სტატუსზეც, ჩვენ ამის არ გვეშინია",- უთხრა სააგენტო "როიტერს" ინტერვიუს დროს პრეზიდენტის მრჩეველმა.
"დიალოგისთვის მზადყოფნა, მშვიდობისკენ ჩვენი დაჟინებული სწრაფვის ნაწილია",- ამბობს უკრაინელი მაღალჩინოსანი.
სულ ცოტა ხნის წინ კი, რუსეთმა თქვა, რომ ისინი მზად არიან დელეგაცია, უკრაინის მხარესთან მოსალაპარაკებლად, ბელარუსში გააგზავნონ. ასე უპასუხეს პრეზიდენტ ზელენსკის შეთავაზებას, რომ მხარეებს განეხილათ უკრაინის მიუმხრელი სტატუსი.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადააა უკრაინის შეთავაზებაზე საპასუხოდ დელეგაცია მეზობელ ქვეყანაში გაუშვას და უკრაინის არგუმენტები მოისმინოს.
ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ ზელენსკი მზადაა უარი თქვას უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვდა.
უკრაინა ამჟამად არ არის არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. ქვეყანას ორივეგან სურს გაერთიანება, რაც კრემლის გეგმებში არ ჯდება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინამ უარი თქვა ატომურ იარაღზე, ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ. თუმცა, 2014 წელს, უკრაინაში პრო-დასავლური პროტესტების შემდეგ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. ამ მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ, რუსი სამხედროები კვლავ ესხმიან უკრაინას თავს. ამჯერად მიზანში კიევი ჰყავთ ამოღებული.