პარასკევს, გვიან საღამოს, გაეროს უშიშროების საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციის პროექტს, რომელშიც გაკიცხულია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. კენჭისყრაზე საბჭოს 11-მა წევრმა სახელმწიფომ ხმა მისცა რეზოლუციის პროექტს, რუსეთმა კი ვეტოს უფლება გამოიყენა. შემდგომ ეტაპზე რეზოლუციის პროექტს 193 წევრისგან შემდგარი გაეროს გენერალური ასამბლეა განიხილავს.
საბჭოს სამმა წევრმა - ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა - ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ ეს ყოველივე კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ფაქტს.
"ჩვენ ერთად ვდგავართ უკრაინის და მისი ხალხის გარშემო, უშიშროების საბჭოს უგუნური და უპასუხისმგებლო მუდმივი წევრის წინააღმდეგ, რომელიც ძალას ამეტებს, რათა თავს დაესხას მის მეზობელს და ჩამოშალოს გაერო და ჩვენი საერთაშორისო სისტემა" - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენა. რუსეთს, ისევე როგორც ამერიკას, საფრანგეთს და ბრიტანეთს, საბჭოში ვეტოს დადების უფლება აქვს.
რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ მადლობა გადაუხადა უშიშროების საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც "ანტირუსული" რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. "თქვენი რეზოლუციის პროექტი სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი სასტიკი, არაჰუმანური სვლა უკრაინის საჭადრაკო დაფაზე" - განაცხადა მან.
საბჭოს წევრები აპლოდისმენტებით შეეგებნენ უკრაინის ელჩს გაეროში სერგეი კისლიცას, რომელმაც თავისი გამოსვლის დროს, წუთიერი დუმილით მიაგო პატივი სამშობლოს დასაცავად დაღუპულ უკრაინელ მეომრებს. "არ მიკვირს, რომ რუსეთმა ხმა [რეზოლუციის პროექტის] წინააღმდეგ მისცა. რუსეთი მოწადინებულია გააგრძელოს ნაცისტური ქმედების მისეული კურსი" - თქვა მან კენჭისყრის შემდეგ.
"არაფერი შეგეშალოთ. რუსეთი იზოლირებულია. მას არ აქვს მხარდაჭერა უკრაინაში შეჭრაში" - უთხრა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებს ბრიტანეთის ელჩმა გაეროში, ბარბარა ვუდვარდმა.
კენჭისყრა დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით გაიმართა. დიპლომატები ამბობენ, რომ ამ ხნის მანძილზე ამერიკა და სხვა ქვეყნები ჩინეთის გადაბირებას ცდილობდნენ, რათა მას კენჭისყრის დროს თავი შეეკავებინა. ამისთვის რამდენიმე ადგილზე რეზოლუციის ტექსტის შერბილებაც კი გახდა საჭირო. მაგალითად, რუსეთის ქმედებასთან მიმართებაში ამოიღეს სიტყვა "დაგმობა" და ის შეცვალეს სიტყვით "გაკიცხვა".
რეზოლუციის პროექტი ითხოვს, რომ რუსეთმა "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ" და "სასწრაფოდ, სრულად, და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო ძალა უკრაინის ტერიტორიიდან, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში". უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი რუსეთს ასევე სთხოვს, რომ მან უკან წაიღოს უკრაინის აღმოსავლეთში, ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.
Facebook Forum