ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა აშშ-ს სთხოვს, რუსეთი SWIFT სისტემიდან გათიშონ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, დღეს ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. მათ ისაუბრეს იმის საჭიროებაზე, რომ აშშ-მ გამოიყენოს თავისი გავლენა ზოგიერთ მოყოყმანე ევროპულ ქვეყანაზე, რათა რუსეთი SWIFT-იდან გათიშონ. ამის შესახებ დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ შეტყობინება გამოაქვეყნა.

კულებამ თქვა, რომ ბლინკენთან უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის შემდგომი მიწოდების საკითხზეც ისაუბრა.

ხუთშაბათს ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს SWIFT-ზე რუსეთის წვდომის ჩასაკეტად მოკავშირეებთან იმუშაოს. სხვა ევროპული ქვეყნები, რომელთა შორის გერმანიაც არის, ამაზე ჯერ კიდევ თავს იკავებენ.

იმავდროულად, SWIFT-იდან გათიშვის შემთხვევისთვის, რუსეთმა უკვე შექმნა სტრუქტურა, რომელიც ამ შემთხვევაში, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს ფონდების მოძრაობის საშუალებას მისცემს. ამაში შედის საკრედიტო ბარათებით გადახდის შიდა სისტემა Mir და ფინანსური შეტყობინებების გადასაცემი სისტემა (SPFS)

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე თავს იკავებს, მაგრამ საფრანგეთი მათ შორის არ არის, თქვა დღეს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მეირმა.

პარიზში, ევროკავშირიდან თავის კოლეგებთან შეხვედრის კულუარებში, მეირმა თქვა, რომ „უახლოეს საათებში“ ევროპის ცენტრალური ბანკისგან ელიან ანალიზის მიღებას იმის გამოყენების შედეგებზე, რასაც თვითონ „ფინანსური ატომური იარაღი“ უწოდა. „ყველა ვარიანტი განიხილება“, თქვა მინისტრმა.

XS
SM
MD
LG