ფიფამ რუსი ფეხბურთელების წინააღმდეგ დისციპლინარული საქმეები დაიწყო

რუსეთის ფეხბურთის კავშირი ამბობს, რომ ფიფამ დაიწყო დისციპლინარული საქმეები სამი რუსი ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომლებიც 2013 წელს დოპინგის საწინააღმდეგო წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი.

რუსული ახალი ამბების სააგენტოების თანახმად, 15 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კავშირმა თქვა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ორი კაცი და ერთი ქალი ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმეები დაიწყო.

ასევე ნახეთ: მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტომ უარი თქვა რუსეთისთვის აკრედიტაციის აღდგენაზე

განცხადებაში ფეხბურთელების ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ნათქვამა, რომ ისინი რუსეთის მთავარ ეროვნულ გუნდებში არ თამაშობდნენ.

ბოლო წლებში, რუსული სპორტის მიმართ დოპინგში ბრალდებები გამუდმებით ისმოდა.

2015 წელს, დოპინგის საწინააღმდეგო მსოფლიო სააგენტომ შეუკვეთა ანგარიში, რომელშიც ამ ქვეყანაში სისტემატური, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დოპინგის დამამტკიცებელი საბუთებია წარმოდგენილი.

სხვა ანგარიშში დოკუმენტურად არის აღწერილი ათასზე მეტი დოპინგის შემთხვევა სპორტის ათობით სახეობაში, მათ შორის, ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელსაც რუსეთი 2014 წელს სოჭში მასპინძლობდა.

რუსეთს, როგორც ქვეყანას, მთავარ სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობა ორი წლით აქვს აკრძალული, მათ შორის, ამ წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში და 2022 წლის მსოფლიო თასზე ყატარში. ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა გააყალბა დოპინგის საწინააღმდეგო სააგენტოსთვის გადაცემული მონაცემები, რომელიც დოპინგის მიმღები სპორტსმენების გამოსავლენად იყო გამიზნული.

თუმცა, რუს სპორტსმენებს შეუძლიათ ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ, თუ დაამტკიცებენ, რომ დოპინგთან კავშირი არ აქვთ.