ორპარტიულ შეთანხმებას სკეპტიციზმით უყურებენ

ბიუჯეტის სათათბირო კომიტეტმა და კონგრესმა დეკემბრამდე უნდა იმოქმედონ, ან ეკონომიკურ კატასტროფის ზღვარზე კიდევ ერთხელ უნდა აღმოჩდნენ
მას შემდეგ რაც კონგრესში საბიუჯეტო დავა დასრულდა, შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა აღადგინა. მთავრობა თექვსმეტი დღის განმავლობაში დახურული იყო. თუმცა საბიუჯეტო შეთანხმება დროებითია. კონგრესში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რათა დროულად, დაჩქარებული ტემპით მოახდინოს გრძელვადიან ბიუჯეტზე შეთანხმება. თუმცა ორ პარტიას შორის კვლავ არსებობს შეუთანხმებლობა ხარჯვით და საშემოსავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ექსპერტები აცხადებენ, რომ საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით წარსულში ანალოგიურმა ძალისხმევამ არ გაამართლა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი სინდი სეინი კონგრესიდან მოგვითხრობს.


პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ერთი კრიზისიდან მეორეში გადასვლა კონგრესისთვის მისაღები მუშაობის ფორმა არ არის. ხუთშაბათს გამოსვლის დროს მან თქვა, რომ კანონმდებლებმა საკუთარი მოქმედების ტაქტიკა უნდა შეცვალონ და საბიუჯეტო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.


ბარაკ ობამა: ისინი არ უნდა მიუდგნენ ამ პროცესს ისე, როგორც იდეოლოგიურ გამოცდას, შეკვეცონ ბიუჯეტი მხოლოდ შეკვეცის მიზნით. გამოსავალი მხოლოდ საბიუჯეტო პასუხისმგებლობის გაზრდა არ არის, თუმცა ორივე საჭიროა. გვჭირდება ისეთი ბიუჯეტის მიღება, რაზეც ამერიკელების დიდი უმრავლესობა არის ფოკუსირებული: ახალი, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნა, სადაც უკეთესი ხელფასი იქნება.


შეთანხმება დეფოლტის პროცესის დაწყებამდე ბოლო წუთს მოხდა, რითაც ფედერალური ხელისუფლების მნიშვნელოვან ნაწილს მუშაობის აღდგენის საშუალება მიეცა. შეთანხმება მოითხოვს, წარმომადგენელთა პალატის და სენატის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოიწვიონ სათათბირო საკომიტეტო სხდომა, რომელზეც ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე უნდა შეთანხმდნენ. გასული სამი წლის განმავლობაში ამგვარი შეთანხმება კონგრესის მიერ იგნორირებული იყო.


კანონმდებლებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფები ერთმანეთს ხუთშაბათს საქმიან საუზმეზე შეხვდნენ. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა და საუბარი კარგი პროგრესის დასაწყისის მაჩვენებელი იყო.


პოლ რაიანი: ეს არის კონსტიტუციის ფარგლებში საქმიანობის განხორციელება. და ჩვენ გვსურს, რომ ასეთ მდგომარეობას დავუბრუნდეთ. საბიუჯეტო თათბირი 2009 წლის შემდეგ არ გვქონია და ვფიქრობთ რომ ახლა არის ხელსაყრელი დრო იმისათვის, რომ განსხვავებულ საკითხებზე მოვრიგდეთ.


ოპტიმისტურ განცხადებებს სენატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი პეტი მურეიც აკეთებდა.


პეტი მურეი: გვჯერა, რომ არსებობს შეთანხმების საფუძველი, ამერიკელი ხალხი დაინახავს, რომ კონგრესს მუშაობა შეუძლია, ეკონომიკა გაძლიერდება და ადამიანებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნების საშუალება ექნებათ.


პოზიტიური დასაწყისის მიუხედავად, ანალიტიკოსები მაინც აღნიშნავენ, რომ სამთავრობო როლისა და ფორმატის თაობაზე დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ძალიან განსხვავებული პოზიციები არსებობს. სტუარტ როტენბერგი, რომელიც გამოცემის, „როტენბერგ პოლიტიკალ რეპორტის“ ანალიტიკოსია ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.


სტუარტ როტენბერგი: დემოკრატებს გადასახადების და სახარჯო ნაწილის გაზრდა სურთ. ხოლო რესპუბლიკელებს სამთავრობო ხარჯების შეკვეცა და გადასახადების იმ დონეზე დატოვება როგორც არის.


რესპუბლიკელები, ტრადიციულად გადასახადების გაზრდის წინააღმდეგ არიან, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი შეკვეცის ინიციატივით გამოდიან სოციალურ სფეროში, რაზეც დემოკრატები არ თანხმდებიან. დემოკრატები კი კორპორაციებზე მაღალ გადასახადების დაწესებას ითხოვენ იმისათვის, რომ უფრო მაღალი ინვესტიცია ჩაიდოს განათლების სისტემაში და სოციალური დახმარების პროგრამებში.


წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ რესპუბლიკელები მთავრობის დახურვაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, რესპუბლიკელების მხრიდან ობამას საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შეჩერების სურვილით იყო გამოწვეული.


ნენსი პელოსი: რესპუბლიკელებს შეიძლება არ მოსწონდეთ მთავრობა, მაგრამ აქ იმისთვის არიან რომ მართონ ქვეყანა, საკანომდებლო მუშაობა ჩაატარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შეძლონ კომპრომისებზე წასვლა და არჩევანი გააკეთონ, ნაცვლად იმისა, რომ ერთი ხელოვნურად წარმოქმნილი კრიზისიდან მეორე არ წარმოქმნან.


სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, სამთავრობო კრიზისში და დავალიანების წარმოქმნაში რესპუბლიკელებს უფრო ადანაშაულებენ, ვიდრე დემოკრატებს. სტუარტ როტენბერგი ამბობს, რომ ნაკლები შანსი არსებობს, რომ „ობამაქეარის“ ირგვლივ ისევ განმეორდეს მძაფრი წინააღმდეგობა, რომელიც კონგრესში ცოტა ხნის წინ არსებობდა.


სტუარტ როტენბერგი: როგორც ჩანს, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ოპონირების შემდეგ მათ კარგი გამოცდილება მიიღეს, და აღარ შეეცდებიან რომ ამ საკითხში ცვლილებები შეიტანონ.


სათათბირო კომიტეტმა შეთანხმებას 13 დეკემბრამდე უნდა მიაღწიოს.
კანონი, რომელიც ოთხშაბათს გვიან ღამით სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო მთავრობას მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებამდე აფინანსებს, ხოლო დავალიანების გადავადება 2014 წლის თებერვლის პირველ რიცხვებამდე ხდება. ასე რომ ბიუჯეტის სათათბირო კომიტეტმა და კონგრესმა მანამდე უნდა იმოქმედონ, ან ეკონომიკურ კატასტროფის ზღვარზე კიდევ ერთხელ უნდა აღმოჩდნენ.