პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ამერიკელთა ყველა საშემოსავლო ჯგუფს საგადასახადო შეღავათებს დროებით ორი წლით გაუგრძელებს. იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატების კონგრესმა ხსენებული გადაწყვეტილება დააკანონა, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მდიდრებზე გადასახადების დაწესების განსაზღვრასთან დაკავშირებული დაპირისპირება უდავოდ განიმუხტება. ნელი ეკონომიკური ზრდისა და მზარდი ეროვნული დავალიანების ფონზე დემოკრატი კონგრესმენების უმრავლესობას მდიდრებზე დაწესებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელება არ სურდა. სამაგიეროდ ისინი ყველა დანარჩენი საშემოსავლო ჯგუფისთვის საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას ითხოვდნენ. რესპუბლიკელები კი აღნიშნავდნენ, რომ გასახადების მომატებას არცერთი საშემოსავლო ჯგუფი არ იმსახურებს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი იუწყება, ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი რესტორანის მესაკუთრე შიშობდა, რომ გადასახადების მომატება ბიზნესის გაფართოების გეგმას საფრთხეს შეუქმნიდა.
მაიკ ანდერსონი ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე კარიბული რესტორნის მესაკუთრეა. რესტორანში ათობით ადამიანია დასაქმებული და ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით სამ მილიონ დოლარს აღწევს. რესტორანის შემოსავალი მის მესაკუთრეს ბიზნესის გაფართოების საშუალებას აძლევს.
მაგრამ ანდერსონი ახლა შეშფოთებულია. ყველაზე ოპტიმალურ ეკონომიკურ პირობებშიც კი რესტორნების შემოსავალი, როგორც წესი, უმნიშვნელოა გადასახადებისა და სხვადასხვა შესატანების გამო. ანდერსონი აღნიშნავს, რომ თუ მას ფასების გაზრდა მოუხდა, იგი უდავოდ კლიენტებს დაკარგავს. სწორედ ამ მიზეზის გამო გადასახადების მომატება მისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იქნება.
ანდერსონი იმ მცირე მეწარმეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც რესპუბლიკელები გადასახადების მომატებასთან დაკავშირებულ დებატებში იყენებდნენ იმის დასამტკიცებლად, რომ გადასახადების მომატება ამგვარ ბიზნესმენებს სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას შეუზღუდავს და შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუშლის. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ თიუნმა სამხრეთ დაკოტას შტატიდან ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
„როცა ბიზნესის წარმართვასთან დაკავშირებული დანახარჯები იზრდება, მცირე ბიზნესებს ინვესტიციების დაბანდება, კაპიტალ დაბანდებების გაღება, აღჭურვილობის შეძენა ან ახალი თანამშრომლების აყვანა უჭირთ.“
დემოკრატები აღნიშნავენ, რომ მათ მეწარმეების დასჯა არ სურთ. მათ სურთ, რომ გადასახადები კლინტონის ადმინისტრაციის დროინდელ დონეს დაუბრუნდეს, როცა შეერთებული შტატების მთავრობამ ფედერალური დეფიციტი საბიუჯეტო ნამატში გადააქცია და ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აღმავლობა დაფიქსირდა.
პრეზიდენტი ობამა კვლავინდებურად აცხადებს, რომ საგადასახადო შეღავათის დაწესება საშუალო ფენისთვის უფრო კარგ შედეგებს გამოიღებს ვიდრე მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათის გაგრძელება.
„ფართო პოლიტიკური სპექტრის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ მილიონრებისთვისა და მილიარდერებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება ჩვენი ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად არ დაეხმარება,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
ტრილიონდოლარიანი ფედერალური დეფიციტის ფონზე შეერთებული შტატების მთავრობას მნიშნველოვანი ფისკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუხდება. ეკონომისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან გადასახადების გაზრდა და სამთავრობო დანახარჯების მკვეთრი შემცირება გარდაუვალი გახდება.