ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უფსკრულის " მოლოდინში


თუ რესპუბლიკელების და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ვერ შეთანხმდნენ ქვეყნის ბიუჯეტზე, ავტომატური შეკვეცები დაიწყება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ოთხი კვირაა დარჩენილი ამერიკის ეკონომიკაში ეგრედ წოდებულ „ფისკალურ უფსკრულამდე.“ თუ რესპუბლიკელების და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ვერ შეთანხმდნენ ქვეყნის ბიუჯეტზე, ავტომატური შეკვეცები დაიწყება, რასაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და რესპუბლიკელების ლიდერი ჯონ ბეინერი ამბობს, რომ „უფსკრულში“ გადავარდნა გამორიცხული არ არის.

„შანსი, რა თქმა უნდა დიდია თუ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.“

ბეინერმა ეს განცხადება ფოქს ნიუსის ეთერში გაკეთა. იმავე გადაცემის სტუმარი მოგვიანებით ამერიკის ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერი იყო. იგი პესიმისტურად აფასებს რესპუბლიკელებთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას:

„არ შემიძლია დაგპირდეთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. ეს რესპუბლიკელებზე იქნება დამოკიდებული.“

გასულ კვირას გეიტნერი კონგრესის ლიდერებს შეხვდა და მათ ობამას ადმინისტრაციის გეგმა წარუდგინა. წინადადება მდიდარ ფენაზე გადასახადების გაზრდას, ინფრასტურუქტურის ასაშენებლად თანხების გამოყოფას, უმუშევრობის შეღავათების გაგრძელებას და ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოსვლის შემდეგ დაზოგილი თანხის გათვლების უცვლელად დატოვებას ისახავს მიზნად.
ბეინერი ამ გეგმაზე ამბობს:

„ეს არ იყო სერიოზული შემოთავაზება.“

სპიკერი ამბობს, რომ ადმინისტრაციას გადასახადების გაზრდა სურს, მაგრამ დანახარჯების შემცირებაზე არ საუბრობს:

„პრეზიდენტს მომდევნო 10 წლის მანძილზე 1.6 ტრილიონი დოლარით სურს გადასახადების გაზრდა. მასტიმულირებელი პაკეტისთვის გამოყოფილი თანხა აღემატება დანახარჯების შეკვეცის შედეგად დაზოგილ თანხას. პრეზიდენტს ეს ტრილიონ ნახევარი რომ მივცეთ, თქვენი აზრით რას უზამს ამ ფულს? დახარჯავს. ვაშინგტონი სწორედ ამას აკეთებს.

გეიტნერი ამ კრიტიკაზე ამბობს, რომ თუ რესპუბლიკელებს ეს წინადადება არ მოსწონთ, საპასუხო პირობები უნდა შესთავაზონ ადმინისტრაციას.

„რესპუბლიკელებს ეს რეფორმები თუ არ მოსწონთ, თუ სხვა გზის მონახვა სურთ, უნდა გაგვაგებინონ რა უნდათ და როგორ უნდათ ამის გაკეთება.“

მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები ჩავარდა, ეს რესპუბლიკელების ბრალი იქნება:

„ერთადერთი მიზეზი რატომაც შეთანხმებას შეიძლება ვერ მივაღწიოთ ის იქნება, თუ რესპუბლიკელები შეთანხმების დაბლოკვას ეცდებიან. მათ მდიდრებისთვის დაბალი ბეგარის შენარჩუნება სურთ, რის უფლებასაც, ამ ეტაპზე, ქვეყანა ვერ მისცემს თავს.“

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ შეთანხმებას პრეზიდენტი ობამა ბლოკავს იმით, რომ მას მხოლოდ გადასახადების გაზრდა სურს და დანახარჯების შემცირებაზე უარს აცხადებს. ბეინერი გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებს:

„ამ ეტაპზე პროგრესი არ გვაქვს. ჯერ-ჯერობით ვერაფერზე ვთანხმდებით.“

ობამასა და რესპუბლიკელ სპიკერ ბეინერს შორის საბიუჯეტო თემაზე დღემდე მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. მათი აპარატის წევრები უკვე რამდენიმე კვირაა აქტიურად არიან მოლაპარაკების პროცესში ჩართული და ორპარტიული გამოსავლის მონახვას ცდილობენ.

ამ ეტაპზე ამერიკის ყოველწლიური დეფიციტი 1 ტრილიონს აღემატება, ხოლო ჯამში კი ქვეყნის ვალი 16 ტრილიონზე მეტია.
XS
SM
MD
LG