ბელარუსი ინდივიდუალური სანქციების მოლოდინში - ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსულტაციები დასრულდა. სპეციალური ვირტუალური შეხვედრის დროს, ევროპელმა ლიდერებმა ბელარუსში შექმნილი ვითარება განიხილეს და 8 პუნქტიანი დოკუმენტი შეიმუშავეს.

ყველა პუნქტი ბელარუსის მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას მოიცავს, მეტიც ევროპა უახლოეს პერიოდში ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს. კონკრეტული პირები, ვისაც სანქციები შეეხება, დღეს არ დასახელებულა, თუმცა, ერთ-ერთ მთავარ ადგილს სიაში ალექსანდრე ლუკაშენკო დაიკავებს. უკვე გაწერილია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს ამ, თუ იმ პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. მთავარი ორია, არჩევნების გაყალბებაში ჩართულობა და რეპრესიებში მონაწილეობა. დღეს, ევროკავშირს განცხადებაში არ დაუწერია, თუ როდის შედგება სია და როდის ამოქმედდება სანქციები.

ასევე ნახეთ: ამერიკელი ანალიტიკოსი ბელარუსშია დაკავებული

ევროპელმა ლიდერებმა დღესვე განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ ბელარუსის (9 აგვისტოს) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მეტიც ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ გნცხადებაში ნათქვამია

"ბელარუს ხალხს აქვს უფლება განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. გამოვხატავთ აშკარა შეშფოთებას განვითარებულ მოვლენებზე და სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუს ხალხს, რომელთა მიზანი დემოკრატიული განვითარებაა. ევროკავშირი გმობს ძალადობას რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ხალხის მიმართ. ძალადობა უნდა იქნეს თავიდან აცილებული და ყველა, ვინც უკანონოდ არის დაკავებული დაუყონებლივ და უპირობოდ უნდა განთავისუფლდეს. ევროკავშირი ელოდება რომ ძალადობის თითოეული შემთხვევა სრულად და გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული. ევროკავშირი უახლოეს პერიოდში დააწესებს სანქციებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან არჩევნების გაყალბებაზე და ჩართულნი არიან ძალადობასა და რეპრესიებში.

ასევე ნახეთ: გაეროში ბელარუსზე დახურული შეხვედრა შედგა იმ ფონზე, როცა ზოგი ქვეყანაში რუსეთის შეჭრას შიშობს

ევროკავშირის ლიდერები ფიქრობენ, რომ "მოვლენების ასეთი განვითარება უარყოფით გავლენას მოახდენს ევროკავშირსა და ბელარუს შორის არსებულ ურთიერთობაზე. დროულად უნდა მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა და უნდა შეწყდეს პროცესების ესკალაცია. აუცილებელია მხარეებს შორის დაიწყოს დიალოგი, რათა მიღებულ იქნეს სწორი გადაწყვეტილებები. ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას ბელარუსში არსებულ ვითარებაზე და მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში,"- წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ასევე ნახეთ: რა ბედი ელის ბელარუსს?