ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ანალიტიკოსი ბელარუსშია დაკავებული


ვიტალი შკლიაროვი, ვაშინგტონში მცხოვრები, წარმოშობით ბელარუსი ანალიტიკოსი, ბელარუსში დააკავეს. მას ბრალად მასობრივი არეულობის წაქეზება ედება. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ალექსანდრ ლუკაშენკოს 26-წლიან მმართველობას აპროტესტებს.

44 წლის პოლიტიკური ანალიტიკოსის ამერიკელი მეუღლე, მედია გამოცემების თანახმად, კიევში, ამერიკის საელჩოში მუშაობს. ანალიტიკოსი 29 ივლისს მაშინ დააკავეს, როდესაც მშობლიურ ქალაქ გროდნოს მშობლების მოსანახულებლად ეწვია. მან "ტელეგრამის" მეშვეობით მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელება მოახერხა, რომ დააკავეს. როგორც ამბობენ, ის შვილისთვის ახლოს მდებარე მაღაზიაში საზამთროს საყიდლად იყო გასული, როდესაც დააპატიმრეს.

სამართალდამცავები მას ოპოზიციონერ ბლოგერთან და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატთან სერგეი ციხანოვსკისთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ის იმ ჯგუფის დაფინანსებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის ქმედებებებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ციხანოვსკის საპრეზიდენტო კანდიდატობის საშუალება არ მიეცა, შემდეგ კი ის საკუთარი ცოლის კანდიდატობის მხარდასაჭერად ბროშურების დარიგებისას დააკავეს. მისი მეუღლე შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და სახე გახდა.

ბელარუსში პროტესტი და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრეზიდენტობას მხარი მოსახლეობის 80 %-მა დაუჭირა. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ შედეგები გაყალბებულია, ლუკაშენკო კი განმეორებით არჩევნებზე თუ გადადგომაზე მტკიცე უარს აცხადებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG