ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში კრიზისი მწვავდება, ოპოზიციური პოლიტიკოსი ქვეყნის მართვისთვის მზადყოფნას აცხადებს


მთელ ბელარუსში, ქარხნების ათასობით მუშა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გაიფიცა. ზოგი კი პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს შეძახილებით სიტყვას აწყვეტინებდნენ, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარების სულ უფრო მზარდი მოთხოვნების საპასუხოდ ამბობს, რომ ამისთვის ჯერ მისი მოკვლა დასჭირდებათ.

ოპოზიციის უცხოეთში გახიზნული პოლიტიკოსის, სვიატლანა ციხანოუსკაიას საპასუხოდ, რომელიც ამბობს, რომ მზად არის ქვეყანას გაუძღვეს, ლუკაშენკომ ახალი არჩევნების დანიშნვა სრულიად უარყო. თუმცა გააკეთა მინიშნება, რომ 26 წლიანი მმართველობის შემდეგ, მზად არის ხელისუფლების გაზიარების საკითხი განიხილოს, მაგრამ არა ქუჩის პროტესტის წნეხის ქვეშ.

17 აგვისტოს, ტრაქტორის ქარხნის სტუმრობისას, ლუკაშენკომ მუშებს უთხრა: “ვერ მოესწრებით, რომ წნეხის ქვეშ რამე გავაკეთო” და იქვე დაამატა: “ახალი არჩევნები არ იქნება, სანამ თქვენ მე არ მომკლავთ.”

ბევრი მუშა ყვიროდა “ტყუი!” და “წადი!”

თუმცა ლუკაშენკოს თანხმობა, რომ იფიქროს კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელიც ძალაუფლების გარკვეულწილად გაზიარებას შესაძლებელს გახდის, იმის ყველაზე აშკარა ნიშანია, თუ 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ რამდენად გაძლიერდა წნეხი 65 წლის ლიდერზე. ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებზე მან ხმების 80 პროცენტი მიიღო. ამ რიცხვმა შინ და საზღვარგარეთ მყისიერად გამოიწვია ბრალდებები, რომ არჩევნები გაყალბდა.

მინსკის ტრაქტორების ქარხანაში ლუკაშენკოს სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ციხაუნოსკაიამ განმეორებითი არჩევნებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მზადაა “იმოქმედოს, როგორც ქვეყნის ლიდერმა.”

16 აგვისტოს, “იუთუბზე” გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში ციხანოუსკაიამ, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ ლიეტუვაში წავიდა, მოუწოდა შექმნან კანონიერი სტრუქტურა, რომელიც ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

37 წლის, ახალბედა პოლიტიკოსი არჩევნებში მას შემდეგ ჩაება, რაც სხვა პოტენციური კანდიდატები, მათ შორის მისი მეუღლე, დააპატიმრეს. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა უსაფრთხოების და სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებს წარსული საქციელი აპატიონ, თუ ლუკაშენკოს მთავრობის მხარეს აღარ იქნებიან.

ვიდეოში ციხანოუსკაიამ განაცხადა: “მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ვიმოქმედო როგორც ქვეყნის ლიდერმა რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმზე გადავიდეს.”

კვირის განმავლობაში მასობრივი პროტესტები და გაფიცვები ლუკაშენკოს მმართველობისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. სახელმწიფო საწარმოების მუშები გაფიცვებს აწყობენ. პოლიციის და სახელმწიფო მედიის ზოგიერთმა თანამშრომელმა და ქვეყნის მოქმედმა ელჩმა, პროტესტებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა.

ლუკაშენკო ხელისუფლებაში დასარჩენად ბრძოლას აგრძელებს. მინსკში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომელიც ოპოზიციის მიერ გამართული ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების საპირწონედ მოაწყო, ის 17 აგვისტოს, მინსკის ბორბლებიანი ტრაქტორების ქარხანაში შვეულმფრენით მივიდა.

არჩევნების შემდგომი რეპრესიების დროს, ქვეყანაში დაახლოებით, 7 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, ასობით ადამიანი დაშავდა და სულ მცირე, 2 ადამიანი გარდაიცვალა. ასობით ადამიანი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, დაკავების პერიოდში მათი სასტიკი ცემის შესახებ ლაპარაკობდა.

ოპოზიციამ 17 აგვისტოსთვის საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა. ეს მოხდა სამ დღეში მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საწარმოების ასობით მუშამ მუშაობა შეწყვიტა. მუშების გაფიცვა იმის ნიშანია, რომ ლუკაშენკოს ტრადიციული მხარდამჭერები მას ზურგს აქცევენ.

მოწოდებას გამოეხმაურნენ მინსკთან ახლოს, ქალაქ ჟოძინში მდებარე “ბელაზის” ქარხნის მუშები. მუშებმა პირობა დადეს, რომ დაიწყებენ უვადო გაფიცას, თუ პროფკავშირის კომიტეტი მათი მოთხოვნების სიას არ შეადგენს და მენეჯმენტს არ წარუდგენს. გაჟღერებულ მოთხონებს შორისაა ლუკაშენკოს გადადგომა და ახალი არჩევნების ჩატარება.

“ნაფტან პეტროქემიკალ” კომპლექსის და “ბელარუსკალიუმის”, კალქვის სასუქების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლის, თანამშრომლებიც გაფიცვას შეუერთდნენ და მსგავსი მოთხოვნები წამოაყენეს.

16 აგვისტოს, მინსკში, ლუკაშენკოს მმართველობის საწინააღმდეგო ყველაზე დიდი გამოსვლა მოეწყო.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, ქალაქის გამარჯვების პარკთან, სულ მცირე, 100 ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა. “რადიო თავისუფლებამ” დემონსტრანტთა რიცხვის დამოუკიდებლად შეფასება ვერ შეძლო.

დემონსტრანტები ოპოზიციის თეთრ-წითელ დროშებს აფრიალებდნენ და ლუკაშენკოს გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ეს შეკრება კონკურენციას უწევდა ლუკაშენკოს მხარდამჭერ დემონსტრაციას, რომელიც 2 საათით ადრე, 2 კილომეტრის მოშორებით მოეწყო.

ლუკაშენკომ უთხრა შეკრებილებს, რომელთა რაოდენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, 65 ათასს შეადგენდა, რომ “ნატოს” ტანკები და თვითმფრინავები ბელარუსის საზღვრიდან 15 წუთის მანძილზე იყო განლაგებული. მოგვიანებით, “ნატოს” პრეს-მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების ნებისმიერი კონცენტრაციის ფაქტი უარყო.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ “80 პროცენტის გაყალბება არავის შეუძლია”.

მან პირობა დადო, რომ გადადგომის და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნებს არასდროს დათანხმდება. “თუ ვინმეს ქვეყნის დანებება სურს, მკვდარიც რომ ვიყო, ამას არ დავუშვებ”, თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ შეკრებილებს მას შემდეგ მიმართა, რაც კრემლმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლუკაშენკოს უთხრა, რუსეთი მზად იყო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის პირობების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწია. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი დაუკონკრეტებელი საგარეო წნეხის წინაშე იდგა.

ბელარუსს ევროკავშირის სამი ქვეყანა ესაზღვრება და მიმდინარე კრიზისის შესახებ, ევროკავშირის ლიდერები 19 აგვისტოს, ბრიუსელში, საგანგებო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიჩელმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ბელარუს ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი და თავისი ლიდერი თავისუფლად აირჩიოს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და არ დაიშვება.”

გასულ კვირაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების გაყალბებაზე და პოლიციის ძალადობაზე პასუხისმგებელი ბელარუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების მომზადებას დაიწყებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა 17 აგვისტოს თქვა, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო დახმარება, ქვეყანაში “შეჭრის” ტოლფასი იქნება.

“რუსეთისგან სამხედრო დახმარების მიღების მიზეზი, ან მისი იურიდიული ან რაიმე სხვა საფუძველი არ არსებობს. ის ქვეყანაში შეჭრის ტოლფასი იქნება და დამოუკიდებლობის ბოლო ნიშნებსაც გაანადგურებს” უთხრა მან ჟურნალისტებს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ გაფრთხილება გამოთქვა.

გაზეთ “ბილდ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: “სხვა ქვეყნებში სამხედრო ჩარევა სავსებით მიუღებელია და არღვევს ყველა წესს, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე გვაქვს მიღებული”.

შოლცმა, რომელიც იმავდროულად გერმანიის ვიცე-კანცლერია, ლუკაშენკოს უწოდა დიქტატორი, რომელმაც საკუთარი ხალხის მხარდაჭერა დაკარგა.

17 აგვისტოს პოლონეთმა გამოაცხადა, რომ ამ კვირაში, ბელარუსის არმია, პოლონეთთან და ლიეტუვასთან მოსაზღვრე გროდნოს რეგიონში წვრთნების ჩატარებას გეგმავს და ის ბელარუსთან თავის საზღვარზე ვითარებას აკვირდება.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა 17 აგვისტოს თქვა, რომ ლუკაშენკოს კვლავ არჩევა “გაყალბებული” იყო და ბრიტანეთის მთავრობა არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

მან თქვა: “მსოფლიო შეძრწუნებული უყურებდა ძალადობას, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლებამ იმ მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად მიმართა, რომელიც გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. გაერთიანებული სამეფო ამ შედეგებს არ ცნობს”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG