„საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო“ - ევროკავშირის საბჭო

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა რეკომენდაცია უნდა შეასრულონ.

ხუთშაბათს, 22 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური შეკრება, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ:

  1. 3 რეკომენდაცია სრულად შეასრულა;
  2. 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
  3. 7 რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
  4. 1 რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს;

მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვაზე, მოეთხოვებათ თუ არა ქვეყნებს რეკომენდაციების „სრულად შესრულება“ ოქტომბრამდე, თუ ზოგიერთ მათგანზე „კარგი პროგრესიც“ საკმარისი იქნება, ევროკომისარმა ვარჰეიმ უპასუხა:

ასევე ნახეთ: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორც იარაღი და სანქციების აღსრულების საკითხი

„თუკი ვინმეს უნდა ევროკავშირში შესვლა, ახლა აქვს შანსი. ასე რომ, გამოიყენეთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. წინა კვირას მქონდა პატივი, შევხვედროდი [საქართველოს] პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში. მესიჯი ასეთი იყო: იცით, რაც არის საჭირო. ასე რომ, გააკეთეთ. გააკეთეთ, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. და მზად ვართ, დაგეხმაროთ. მაგრამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოთ. ასე რომ, დააჩქარეთ სამუშაოები ყველა მიმართულებით, რათა ოქტომბერში სრულად შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზეც, უკრაინაზეც, მოლდოვაზეც“, - განაცხადა მან.

ევროკომისარ ვარჰეის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ევროპული საბჭოს მხრიდან და „თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, საქართველოს ექნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა“.

„პროგრესის მიუხედავად, აშკარაა, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო“, - ასე შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის, შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზვალმა.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი იყო, აშკარაა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მკაფიო, ერთიანი გზავნილის გაგზავნა, მათ შორის შემდგომი რეფორმების საჭიროების შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა ჯესიკა როზვალმა დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ასევე ნახეთ: რუსეთმა 30 უკრაინელს გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოგვიანებით მან ასევე თქვა, რომ გარკვეულ პროგრესთან ერთად „მნიშვნელოვანია, დავინახოთ [საქართველოს] გზა ევროკავშირისაკენ“.

მინისტრმა როზვალმა უკრაინის მთავრობის მიერ ბოლო წელს გატარებულ რეფორმებს „შთამბეჭდავი“ უწოდა და თქვა, რომ „არასტანდარტული გარემოებების მიუხედავად, უკრაინამ არსებითად წაიწია წინ“.

რაც შეეხება მოლდოვას, მინისტრის თქმით, „სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობების გათვალისწინებით, მოლდოვამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“.