„საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში. დიპლომატი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალი რჩება - 49%, - ნათქვამია გაფართოების თაობაზე ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ დღეს გამოაქვეყნა.
"სამწუხაროდ, მიღწევები დაჩრდილა შემაშფოთებელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულმა მტრულმა ნარატივებმა და დეზინფორმაციამ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ცხრა ნაბიჯი, ძირითადად კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
ევროკომისიის დასკვნაში საუბარია ბოლო დროს მიღებულ კანონებზეც, რომლებიც რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა გააუქმოს, შეცვალოს ანტიდასავლური რიტორიკა და და უზრუნველყოს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
ასევე ნახეთ: "დარღვევების გამოძიება, დისკრიმინაციული კანონების გაუქმება" - ბორელი ევროკავშირთან დაახლოების გზებზე საუბრობსდოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები ძირითადად ფუნქციონირებს, მაგრამ გასული წლის რეფორმები და ზოგიერთი მოვლენა არ შეესაბამებოდა გაცხადებულ მიზანს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე და ევროკავშირის დღის წესრიგში პროგრესი მთავრობის პოლიტიკური ყურადღების ცენტრში არ იყო.
ამავე ანგარიშის თანახმად, კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და კვლავ ძალაშია. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს, გააუქმოს კანონი “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ", საკანონმდებლო პაკეტი “ოჯახური ღირებულებების შესახებ” და სათანადოდ გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისისა და 2023 წლის 8 ივლისის ძალადობის ფაქტები და დასაჯოს ორგანიზატორები. ამის შესახებ ანგარიშის ადამიანის უფლებათა ნაწილშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა მიიღოს ეროვნული სტრატეგიები ყველა სახის სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასაცავად, გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაცია, უნდა მიიღოს უფრო გადამწყვეტი ზომები სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულების მიმართ და თავიდან აცილების მიზნით.
„საქართველომ უნდა გააუქმოს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“; გამოიძიოს და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდზე მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, შეცვალოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს LGBTQ პირების უფლებების სრულად დაცვა; უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემა და დაცვა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება პროდასავლურ კურსსა და ანტიდასავლურ რიტორიკას: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს თავისი განზრახვები ამ მოქმედების კურსის შეცვლის გზით. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების უფრო ეფექტიანად გასატარებლად საჭიროა უფრო ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფო ინსტიტუტში. უნდა გაძლიერდეს სამინისტროთაშორისი კოორდინაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ევროკავშირის დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივები ევროკავშირისა და ქვეყნის მიმართ მისი მხარდაჭერის შესახებ პროაქტიული და ობიექტური კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასევე ნახეთ: ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მტკიცებულებების მიხედვით, არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ წარმოაჩენსდოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და 2008 წლიდან ჩართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებში, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით.