ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება


მოლდოვის პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ლიდერი პოზიციის მეორედ მოპოვებას კვირას, არჩევნების მეორე ტურში შეეცდება. თუ ის დამარცხდება, ეს ანალიტიკოსების აზრით, მოსკოვს საშუალებას მისცემს მეტი გავლენა მოიპოვოს ქვეყანაში.

დასავლეთში პოპულარული ლიდერი, მაია სანდუ, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და მსოფლიო ბანკის ყოფილი მრჩეველია. 52 წლის სანდუმ დააჩქარა საკუთარი ქვეყნის სწრაფვა მოსკოვის გავლენისგან გასათავისუფლებლად და ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.

”ეს იქნება რთული ბრძოლა [სანდუსთვის] შიდა ძალებთან წარმოშობილ წყენებთან, მაგრამ ასევე გარე ზეწოლასთან და ჩარევასთან”, - ეუბნება სააგენტო "როიტერს" ორისია ლუცევიჩი, "ჩატამ ჰაუსის" რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე.

სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოს, ყოფილ გენერალურ პროკურორს დაუპირისპირდება, რომელსაც ტრადიციულად პრორუსული სოციალისტური პარტია უჭერს მხარს. ის ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტი, მხარს დაუჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას და ასევე განავითარებს კავშირებს რუსეთთან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ქვეყანაში არჩევნების პირველი ტური და 20 ოქტომბერს ქვეყნის ევროკავშირის მისწრაფებების შესაფასებლად პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმი დარღვევებით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოლოდოვის ოფიციალური პირები ავრცელებდნენ. მათი თქმით, იყო ხმების მოსყიდვის დიდი სქემა, რომელსაც ქვეყნიდან გაქცეული, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ილან შორი აფინანსებდა და მართავდა.

სანდუ ამბობს, რომ სქემა გულისხმობდა 300,000 ამომრჩევლის - მოსახლეობის 10%-ზე მეტისთვის - ხმის კონკრეტული კანდიდატისთვის მიცემის სანაცვლოდ ფულის გადახდას. მოსკოვი და შორი უარყოფენ არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG