ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: საქართველოში დღეს რუსეთმა გაიმარჯვა


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა, ვინაიდან ქვეყანამ აირჩია რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა და არა გზა ევროკავშირში“, - ამის შესახებ ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთმა ჯერ ქვეყნის ტერიტორიები წაიღო, შემდეგ კი - შეცვალა პოლიტიკა და მთავრობა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვა. თავიდან მათ წაიღეს საქართველოს ნაწილი, შემდეგ შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა, ახლა იქ პრორუსული ხელისუფლებაა, პრორუსული პოზიცია. არავითარი სანქციები პუტინის წინააღმდეგ, ბევრი რუსი საქართველოში. მათი არჩევანი რუსეთთან მეგობრობაა, მათი არჩევანი ევროკავშირისკენ არსვლაა. მათ შეცვალეს პოზიცია, რუსეთმა დღეს გაიმარჯვა, მათ წაიღეს საქართველოს თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მოლდოვაში არსებული ვითარების შეფასებისას მან თქვა, რომ „რუსეთი იმავე მიმართულებით მიდის“.

„ნახეთ, რუსეთი მიდის იმავე გზით, მათ იმავეს გაკეთება სურთ და იზამენ კიდეც, თუ დასავლეთი არ შეწყვეტს საუბარს წითელ ხაზებზე. თუ ისინი ამას არ შეწყვეტენ და განაგრძობენ ამ რიტორიკას, ორ წელიწადში მოლდოვასაც დაკარგავენ“, - თქვა ზელენსკიმ და უკრაინასა და საქართველოს შორის განსხვავებას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ უფრო დიდი ვართ, ამაშია ჩვენსა და საქართველოს შორის განსხვავება - ჩვენ საკმაოდ დიდი ვართ, ჩვენი მოსახლეობა მეტია, მეტი კაცია, ვისაც არ სურდა რუსობა“, - თქვა ზელენსკიმ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 53%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და ახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. „ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG