ერდოღანი შვედეთისთვის მწანე შუქს ნატოში გაწევრიანებაზე, ანკარის ევროკავშირის წევრობას უკავშირებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირმა ანკარას ბლოკში გაწევრიანებისთვის გზა უნდა გაუხსნას იქამდე, სანამ თურქეთის პარლამენტი ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს დაამტკიცებს.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა, წლების განმავლობაში გაყინულია. ანკარამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადისას.

ანკარასა და ბლოკის წევრებს შორის კავშირები წლებია დაძაბულია. განსაკუთრებით 2016 წელს თურქეთში გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

ასევე ნახეთ: ერდოღანი სტოკჰოლმისგან ქურთების პროტესტის აკრძალვას ითხოვს

ორშაბათს ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის დამტკიცება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუკავშირა.

„მე აქედან მოვუწოდებ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალოდინებენ ევროკავშირის კარებთან“, - თქვა ერდოღანმა ვილნიუსში ნატოს სამიტზე გამგზავრების წინ. „პირველ რიგში, მოდით გაუხსენით გზა თურქეთს ევროკავშირისკენ და შემდეგ ჩვენ გავუხსნით გზას შვედეთს [ნატოსკენ], ისევე როგორც ფინეთს“, - თქვა მან და დასძინა, რომ სამიტის დროს გაიმეორებს თავის მოწოდებას.

ასევე ნახეთ: შვედი მინისტრი: დროა თურქეთმა შვედეთის ნატოში წევრობას მხარი დაუჭიროს

ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება "ცალკეული პროცესებია".

„თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას“, - განაცხადა სპიკერმა და დასძინა, რომ ეს ორი პროცესი არ შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერდოღანის კომენტარზე საუბრისას თქვა, რომ ის მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა დასძინა, რომ შვედეთმა უკვე დააკმაყოფილა ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო პირობები.

ასევე ნახეთ: ერდოღანი ამბობს, რომ შვედეთს ივლისში ნატოში გაწევრიანების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს

„ვილნიუსში შვედეთის განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.

შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გასულ წელს გამოთქვეს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა. ამ ნაბიჯით ორმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტის ტრადიციაზე უარი თქვა.

ანკარამ, ფინეთის განაცხადი აპრილში დაამტკიცა. თუმცა თურქეთი და უნგრეთი ბლოკავენ შვედეთის აპლიკაციას.

ასევე ნახეთ: კირბი ნატოს სამიტის მოლოდინებზე და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე საუბრობს

ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთის გაწევრიანება დამოკიდებულია გასულ ზაფხულს მადრიდში ალიანსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე და დასძინა, რომ არავინ უნდა მოელოდეს კომპრომისებს ანკარისგან.

ანკარა ამბობს, რომ შვედეთს არ გადაუდგამს ნაბიჯები„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელს თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.