ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედი მინისტრი: დროა თურქეთმა შვედეთის ნატოში წევრობას მხარი დაუჭიროს


ოთხშაბათს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტმა უნდა დაიწყოს შვედეთის ნატოში მიღების განაცხადის რატიფიკაცია, რადგან სტოკჰოლმმა ანკარასთან შეთანხმების ფარგლებში თავისი ვალდებულებები შეასრულა.

გასულ წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა ათწლეულების განმავლობაში არსებული სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკა შეცვალეს და ალიანსში შესვლის თაობაზე განაცხადი გააკეთეს.

ფინეთი ნატოს აპრილში შეუერთდა, მაგრამ თურქეთი ამბობს, რომ უსაფრთხოების საკითხების მიზეზით, შვედეთის წევრობას მხარს ჯერ ვერ დაუჭერს. ამ თვეში ანკარამ განაცხადა, რომ სანამ ნატოში მისი შესვლის მხარდაჭერას გადაწყვეტს, შვედეთმა სტოკჰოლმში ანტი-თურქული პროტესტები უნდა აღკვეთოს.

„ჩვენი შეხედულებაა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენგან ელოდნენ. ახლა დროა თურქეთის პარლამენტმა რატიფიკაციის პროცესი დაიწყოს“, - უთხრა ბილსტრომმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.

მინისტრმა თქვა, რომ შვედეთს იმედი აქვს ნატოს ივლისში, ვილნიუსის სამიტის დროს შეუერთდება და ქვეყანას სათადარიგო გეგმა არ აქვს.

თურქეთი ამბობს, რომ შვედეთი თავშესაფარს აძლევს მებრძოლ ჯგუფებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ შვედეთმა მიიღო ახალი კანონი, რომლითაც ტერორისტული ჯგუფების დაფინანსება და მხარდაჭერა უნდა გართულდეს. მთავრობა ამბობს, რომ ამით შეასრულა ვალდებულება, რომელიც თურქეთთან, მადრიდში ხელმოწერილი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ანკარა დარწმუნებული არ არის, რომ შვედეთმა შეთანხმების პირობები სრულად დააკმაყოფილა.

ბოლო თვეებში, სტოკჰოლმში გამართულ დემონსტრაციებზე, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ფიტული, ქუჩის განათების ბოძზე ჩამოკიდეს.

ბილსტრომმა თქვა, რომ დემონსტრაციის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, "მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ რაღაც თუ კანონიერია, ყოველთვის მართებული არ არის", - განმარტავს ქვეყნის პირველი დიპლომატი.

შვედეთის ნატოში განაცხადის რატიფიცირება ჯერჯერობით არც უნგრეთში მომხდარა.

XS
SM
MD
LG