დოლარის ყველაზე დიდი თვიური გაუფასურება 10 წლის განმავლობაში

ამერიკული დოლარის ფასი დრამატულად ეცემა. ინვესტორები ამერიკის ეკონომიკის აღდგენის ტემპზე ღელავენ და შიშობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ვითარება შესაძლოა არც ისე მალე გაუმჯობესდეს.

დოლარის გაუფასურების შემდეგ, ევრო გაძვირდა და 2018 წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს - 1.19 $-ს მიაღწია. 2010 წლის შემდეგ კი ფასის ერთ თვეში ზრდით, ეს დოლარისთვის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ამერიკული დოლარის პოზიციები მას შემდეგაც შესუსტდა, რაც ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შესაძლოა, ნოემბრის არჩევნების გადადება სწორი ნაბიჯი იყოს.

ასევე ნახეთ: ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდება?

"უნიკრედიტის" მონაცემებით, სავარაუდოდ, დოლარის პოზიციები აგვისტოშიც მსგავსი იქნება. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ კლების ტენდენცია და სიმძაფრე ამ თვეში ასეთი ძლიერი აღარ იქნება.

ამავე დროს, ევრო გამყარებას განაგრძობს მიუხედავად ევროზონის ეკონომიკის მწვავე შეკუმშვისა და კომპანიების შემოსავლების შემცირებისა. მაისის თვემდე ევროს ფასიც იკლებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები 750 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური აღდგენის პაკეტზე შეთანხმდნენ, ბევრ ინვესტორს ევროს ვალუტის მიმართ ნდობა დაუბრუნდა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი ბიუჯეტზე და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდა