ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური მაჩვენებლები მინუსში და გაუფასურებული ლარი


თბილისი, საქართველო / ფოტო AFP
თბილისი, საქართველო / ფოტო AFP

პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება. ამის თქმის საფუძველს ოფიციალური მონაცემები იძლევა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია, რომ 2020 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა შეიკუმშა. ეკონომიკის გაუარესების პროცენტული მაჩვენებელი -13.5 პროცენტია. 2020 წლის პირველი 5 თვის ჯამური მონაცემი კი -5.4% იყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილის თვესთან შედარებით მონაცემები აშკარად არის გაუმჯობესებული, თუმცა მონაცემები კვლავ უარყოფით ნიშნულში რჩება. აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -16% აჭარბებდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. "ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით შემცირდა, 35%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მაისში ქვეყანაში 3 200-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც დაახლოებით 33%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს,” - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრის დროს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდაძე.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო თვეებში პანდემიის გამო შემცირებულია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, რესტორნების ეკონომიკური მაჩვენებლები. პრობლემებია ფინანსურ, უძრავი ქონების და დასვენების სექტორებში.

მონაცემებთან დაკავშირებით განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ამბობს, რომ უარყოფითი მაჩვენებლები ქვეყანაში წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

ნათია თურნავა/ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (ფოტო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია)
ნათია თურნავა/ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი (ფოტო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია)

"ალბათ უფრო უნდა დავაკვირდეთ შემდგომი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე პრაქტიკულად ბიზნეს საქმიანობა უკვე ამოქმედებული იქნება. ველოდებით ნეგატიური დინამიკა წლის ბოლომდე _ -4, -5 პროცენტი. 2021 წლიდან მაქსიმალურს გავაკეთებთ რომ ვითარება დადებით მდგომარეობაში დავაბრუნოთ. აპრილთან შედარებით შეგვიძლია ვნახოთ რომ მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

დღესვე ეროვნული ბანკის მონაცემებით გაირკვა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. თუ მანამდე ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.0552 ლარი იყო, ახალი მონაცემებით დღეიდან ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3.0568 ლარი იქნება. ეს ოფიციალური კურსია, ფინანსურ ორგანიზაციებში ვალუტის კურსი კიდევ უფრო მაღალი ფიქსირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG