2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, დღეს კი მოქმედი ამერიკის პრეზიდენტი და ასევე რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის.
"გადავდოთ არჩევნები ვიდრე ხალხს რიგიანად, უსაფრთხოდ და დაცულად ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება"? - კითხულობს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
აქვე პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნებში ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემას და ამბობს, რომ წერილობით კენჭისყრის შემთხვევაში, 2020 წლის არჩევნები ყველაზე "უზუსტო და ყალბი" არჩევნები იქნება შეერთებული შტატების ისტორიაში. არჩევნების გადადების შემთხვევა ამერიკის ისტორიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, არც სამოქალაქო ომის დროს და არც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
პრეზიდენტის იდეას უკვე გამოეხმაურნენ დემოკრატები, ცოტა ხნის წინ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯეროლდ ნადლერმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა.
"ტრამპს არ აქვს არჩევნების გადადების შესაძლებლობა. არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კონსტიტუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ არჩევნების თარიღი შეიცვლება ის კონგრესმა უნდა შეცვალოს,"- წერს ნიუ-იორკის დემოკრატი წარმომადგენელი კონგრესში ჯეროლდ ნადლერი.
პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრიც არ იზიარებს. ცოტა ხნის წინ განცხადება ადამ კინზინგერმაც გაავრცელა.
"შეხსენებისთვის: არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კონგრესი. 2020 წლის არჩევნების გადადების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგი ვიქნები,"- წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ილინოისის შტატიდან.
ცოტა ხნის წინ განცხადება "ტვიტერზე" გაავრცელა დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმაც, რომელიც ცოტა ხნის წინ დემოკრატთა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობდა.
“დონალდ ტრამპი შეშინებულია. მან იცის, რომ ბაიდენთან წააგებს. ამას თითოეული ჩვენგანის ჩართულობა დასჭირდება,”- წერს ტვიტერზე დემოკრატი კამალა ჰარისი რომელიც არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად საზოგადოებას აგვისტოში წარუდგინოს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კი "ტვიტერზე" ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გზავნილში კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი გამოაქვეყნა.
"აშშ-ის კონსტუტუციის მეორე თავი, ნაწილი პირველი: "კონგრესს შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როდის აირჩიოს ელექტორალური კოლეგიის წევრები და დღე, როცა მათ ხმა უნდა მისცენ - დღე რომელიც მთელი შეერთებული შტატებისთვის ერთი უნდა იყოს".
არჩევნების გადადებას რესპუბლიკური პარტიის ლიდერებიც გამოეხმაურენ. "არასდროს ქვეყნის ისტორიაში, არც ომების, დეპრესიების და სამოქალაქო ომის დროსაც კი არ მომხდარა, რომ ფედერალურად დანიშნული არჩევნები დროზე არ ჩაგვეტარებინა. ახლაც ვიპოვით გზას, რომ ეს 3 ნოემბერს მოხდეს" - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა. მისი თქმით, ისინი შეძლებენ თავი გაართვან ნებისმიერ სირთულეს და არჩევნებს გეგმის მიხედვით, 3 ნოემბერს ჩაატარებენ.
მსგავსი განცხადება გააკეთა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკართიმ: "ფედერალური არჩევნები ისტორიაში არასდროს გადადებულა და ახლაც ასევე უნდა გაგრძელდეს" თქვა მან. თუმცა, ბოლოს ისიც დასძინა, რომ კარგად ესმის "პრეზიდენტის შეშფოთება ფოსტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით".
Facebook Forum