რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის სამიზნე მიკოლაივია

უკრაინაში, მიკოლაივის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს, 15 ოქტომბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ თავდასხმამ დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რესტორანი და სავაჭრო ადგილები, ასევე საცხოვრებელი კორპუსები.

უკრაინელმა სამხედროებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ რუსეთის თავდასხმები ღამით განხორციელდა. საჰაერო თავდასხმისას რუსებმა 9 რაკეტა და 17 დრონი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 12 დრონის განადგურება მოახერხა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ დრონები ჩერკასის, ჩერნიჰივის, კიროვოგრადის, კიევის, მიკოლაივის, ოდესისა და პოლტავის რეგიონებში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი სამშაბათს თქვეს, რომ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს ბელგოროდის, კურსკისა და ტულას რეგიონებში.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ლონდონში სტარმერს და რუტეს შეხვდა

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა და შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ, რუსეთის მუქარის მიუხედავად, ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

ვისბადენში, გერმანიაში საუბრისას, რუტემ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის მისი გზავნილია: "ჩვენ არ გავჩერდებით, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას არ არაფერი გამოუვა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს".

ნატოს ალიანსი არის "ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი მსოფლიო ისტორიაში, რომელიც ემსახურება 1 მილიარდ ადამიანს", - თქვა რუტემ. "ჩვენ მზად ვართ დავუპირისპირდეთ ნებისმიერ საფრთხეს. ჩვენი მოწინააღმდეგეები ვერასოდეს შეგვაშინებენ".

ასევე ნახეთ: უკრაინა: რუსულმა რაკეტამ პორტ პივდენნში მარცვლეულით დატვირთული ხომალდი დააზიანა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა და უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ წარმოადგინეს "საკმაოდ დეტალური" ანგარიში "რუსების განზრახვებზე შემოდგომაზე და ზამთარში" უკრაინაში მათი განგრძობითი შეჭრის შესახებ.

ანგარიშში საუბარი იყო ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართულობაზე და რუსეთის ურთიერთობაზე სხვა ქვეყნებთან, რომლებიც „სამწუხაროდ, ინვესტიციებს ახორციელებენ ომის გახანგრძლივებაში“.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ კვირაში უკრაინა ყველა ევროპელ პარტნიორს წარუდგენს "მშვიდობის გეგმის" სახელით ცნობილ სტრატეგიას, რომელშიც ომის დასრულების და უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო ნაბიჯებზეა საუბარი. ეს გეგმა ამ დრომდე საჯარო არაა.