ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევშია. ბლინკენი ამერიკის მიერ, უკრაინისთვის გამოყოფილი მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადებას აპირებს, რომელიც 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იქნება.
ბლინკენი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ამ ზაფხულს დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ ჩავიდა. მისი ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერის გამოცხადებაცაა სამხედრო ოპერაციისადმი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაო კრიტიკა მოჰყვა.
"გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება, არა მარტო წარმატებული კონტრშეტევისთვის, არამედ გრძელვადიანად, ძლიერი შემაკავებელი შესაძლებლობისთვის",- თქვა ბლინკენმა.
უკრაინამ თავდასხმის შედეგად დაიბრუნა ათზე მეტი სოფელი და პატარა დასახლება. მაგრამ კიევის შეტევა რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიების დასაბრუნებლად შენელდა დანაღმული ველებისა და რუსების მიერ გათხრილი სანგრებისა და აღმართული ბარიერების გამო.
ასევე ნახეთ: უკრაინა: 16 ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კოსტიატინივკაშიმიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ამერიკის ადმინისტრაციაში აკრიტიკებენ უკრაინულ კონტრშეტევას და წუხან, რომ ის იმაზე ნელია, ვიდრე მოელოდნენ, ამერიკის ოფიციალური პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ფრონტის ხაზზე, პროგრესს ხედავენ.
ენტონი ბლინკენის კიევში ვიზიტის შესახებ, ჰკითხეს კრემლის სპიკერს, დმიტრი პესკოვსაც. პესკოვმა თქვა, რომ "აშკარაა" ვაშინგტონი აპირებს უკრაინის ომის დაფინანსებას „უკანასკნელ უკრაინელამდე“.
„ჩვენ მოვისმინეთ არაერთხელ განცხადება, რომ ისინი [ამერიკელები] აპირებენ გააგრძელონ კიევის დახმარება იმდენით, რამდენიც დასჭირდებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი აპირებენ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში და ეს ომი ბოლო უკრაინელამდე გააგრძელონ, ამისთვის ფულს არ იშურებენ“,- თქვა პესკოვმა.
ბლინკენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ კოსტიანტინივკაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო თავდასხმა, რომლის დარტყმის სამიზნეც ბაზარი, მაღაზიები და აფთიაქი იყო, ფრონტის ხაზთან ახლოს. პრეზიდენტის თქმით, სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ბავშვია.