კრეიმერი: კოჰაბიტაცია ყველგან რთულია, მაგრამ იმედია, ახალი პრეზიდენტი კანონის უზენაესობას დაიცავს

დევიდ კრეიმერი

ამერიკის ხმა:
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, რამდენად განსხვავდება ის წინა არჩსევნებისგან, როგორია მედია გარემო, კანდიდატთა წვდომა მედიასივრცეზე, მათი რეგისტრაცია, და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო პროგრამების გაცნობის შესაძლებლობა?

დევიდ კრეიმერი:
შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ინტერესი ახლავს ამ არჩევნებს, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა მონაწილეობა. თუმცა მთავარი კითხვაა თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი და რა უფლებები ექნება მას ახალი კონსტიტუციის შესაბამისად. ეს მაშინ, როცა უმეტესი უფლებები პრემიერ მინისტრს ექნება მინიჭებული. იმავდროულად, ბევრს აინტერესებს რა მოუვა ორ მთავარ ფიგურას ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში-ბატონებს ივანიშვილს და სააკაშვილს. თუმცა ამ ეტაპზე, დიდი ყურადღება უშუალოდ წინასაარჩევნო კამპანიას და კანდიდატებს ეთმობა. მთლიანობაში, პროცესი კონკურენტუნარიანია, მედიაზე წვდომა ნორმალურია, თუმცა საარჩევნო პროცესის წარმატებას არა მხოლოდ უშუალოდ კენჭისყრის დღე განსაზღვრავს, არამედ წინასაარჩევნო კამპანია, რაც წელს აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი ორი მთავარი კანდიდატის-ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის- კანდიდატების მხრიდან.

ამერიკის ხმა:
ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი ქართული დემოკრატიისთვის. ანალოგიური განცხადებები საქართველოში მოუსმენიათ სხვა არაერთი უცხოელი პარტნიორის მხრიდან. და მაინც, რა მნიშვნელობას მიანიჭებთ ამ არჩევნებს და რისი ხილვა გსურთ არჩევნების განმავლობაში და მის მიღმა?

დევიდ კრეიმერი:
ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ამომრჩეველს მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა და საკუთარი სურვილით არჩევანის დაფიქსირება, ასევე გვსურს, რომ მოხდეს შედეგების დროული და ეფექტურად დათვლა. შედეგების სანდოობა არ უნდა იყოს ეჭვქვეშ დაყენებული. ასევე საინტერესოა, თუ რა მოხდება მას შემდეგ რაც, გამოვლინდება გამარჯვებული, როგორ მოიქცევა დამარცხრებული მხარე და რა ბედი ეწევა პრეზიდენტ სააკაშვილს-რადგან დიდი აქცენტი კეთდება მის მომავალზე, წავა თუ არა ის საქართველოდან, დარჩება, და თუ დარჩება-როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპაში ამ საკითხთან, და ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი ინტერესი არსებობს.

ასევე, არჩევნების შემდეგ, ცოტა ხანში ვილნიუსში ევროკავშირის სამიტი იმართება. სამიტზე ყურადღება დაეთმობა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და მომხდარი გარკვეულ გავლენას იქონიებს პარაფირების პროცესზე. შესაბამისად, არჩევნები არაერთ პროცესზე მოახდენს გავლენას.

ამერიკის ხმა:
რით არის გამოწვეული, რომ ევროპარლამენტმა დემოკრატიის სტანდარტების კუთხით გარკვეული პირობები ჩამოაყლიბა ასოცირების შეთანხმების პარაფირების სანაცვლოდ. როგორ ახსნით ამას?

დევიდ კრეიმერი:
საქართველოში გარკვეული ცვლილებები მოხდება არჩევნების შემდეგ-ინაუგურაციამდე და ამის შემდეგ, ვილნიუსის სამიტამდე. მე არ ვიცი ამ "გამოცანის" რა ნაწილები ამოიხსნება სამიტის დაწყებამდე, მაგრამ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ერთის მხრივ-საკმაოდ ძლიერი ბერკეტი, და მეორეს მხრივ კარგი სტიმული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მართლაც გაიხსნას გზა ასოცირების შეთანხმების საწარმოებლად.

ამერიკის ხმა:
როგორ ხედავთ პრეზიდენტ სააკაშვილის და ასევე ნაციონალური მოძრაობის მომავალს, გახდება თუ არა ის ძლიერი ოპოზიციური ძალა?

დევიდ კრეიმერი: ნაციონალურმა მოძრაობამ გასული წლის არჩევნებით დარტყმა განიცადა, თუმცა ეს პარტია ერთერთი მთავარი ძალაა. მთავარი ძალაა პრეზიდენტი სააკაშვილიც. ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ რა ბედი ეწევა მას ან მის უშუალო გარემოცვას საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში არჩევნების შემდეგ. იმედი მაქვს არ განმეორდება ის, რაც წლის დასაწყისში მოხდა დაპატიმრებებთან დაკავშირებით. იმედია, გამარჯვებული პატივს სცემს დამარცხებულ მხარეს და არც სასამართლო სისტემა ან პროკურატურა განახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას. თუმცა, დამნაშავეებს არ უნდა მიენიჭოთ მუდმივი ამნისტია, და დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. წლის დასაწყისში მოხდა არაერთი ადამიანის დაკავება, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრის. ბევრმა ამ მოვლენას, მათ შორის მეც, დავარქვით „კუდიანების დევნა“. სისწრაფე და მასშტაბურობა ამ დაკავებების, იყო ის, რაც ჩვენ გვაშფოთებდა. ისინი სანდოობას იყო მოკლებული, რადგან ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ძალიან მალე ვერ მოხდებოდა ამ საქმეების კარგად შესწავლა.

ამერიკის ხმა:
მოახერხა თუ არა ახალმა მთავრობამ დაემტკიცებინა უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა?

დევიდ კრეიმერი:
მთავრობა ამას შეეცადა, არ ვიცი რამდენად დამაჯერებელი იყო ეს. მე არ ვიცი ამის დამტკიცება მოხერხდა, თუ არა, მაგრამ დაბნეულობა ამ სკაითხში ისევ არსებობს. არავინ ამბობს, რომ დამნაშავეების ამნისტია უნდა მოხდეს, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ეს იყო სისწრაფე და მასშტაბურობა, და ამან გამიჩინა კითხვები, თუ რამდენად სანდო იყო ის მტკიცებულებები, რომელთა შედგენა ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე მოხერხდა.

ამერიკის ხმა:
ეს პროცესი, მთავრობის მტკიცებით, იყო სამართლიანობის აღდგებისთვის ბრძოლა.

დევიდ კრეიმერი:
მთავრობა ყოველთვის უნდა იბრძოდეს სიმართლისთვის, ეს უნდა იყოს დემოკრატიის დაცვის ერთერთი პრინციპი. ამერიკის ერთერთმა მაღალჩინოსანმა ადრე ახსენა „უკრაინიზაციის“ პრობლემა. ამის განმეორება არავის არ სურს საქართველოში., არავინ ამბობს, რომ სიტუაცია ძალიან კარგი იყო წინა მთავრობის დროს, ახლა მთავარია ის, რომ ეს საქმეები სანდო ინფორმაციას ეფუძნებოდეს და მათ წარმოებას კანონის უზენაესობა ედოს საფუძვლად.

ამერიკის ხმა:
სოჭთან დაკავშირებით დისკუსია გრძელდება, თუ რამდენად უნდა მოახდინოს საქართველომ ამ ასპარეზობების ბოიკოტი. თქვენ რას ფიქრობთ, როგორი იქნება ოპტიმალური გზა?

დევიდ კრეიმერი:
ოკუპაცია მართლაც სახეზეა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველომ საერთაშრისო თანამეგობრობას უნდა შეახსენოს, რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს და არც საქართველოს სუვერენიტეტს სცემს პატივს.
მე არ ვარ ბოიკოტის მომხრე, რადგან აქ ისევ სპორტსმენები დაზარალდებიან, მაგრამ პოლიტიკოსები სოჭში არ უნდა ჩავიდნენ და პუტინის გვერდით არ უნდა გამოჩდნენ. არა მარტო ქართველები, არამედ დასავლელი ლიდერებიც არ უნდა ჩავიდნენ სოჭში, რუსეთში მიმდინარე მთელი რიგი დარღვევების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ევროპელი ლიდერები ქართველ ლიდერებს უნდა შეუერთდნენ და არ გამოცხადდნენ სოჭში. სპორტსმენები კი ალბათ უნდა ჩავიდნენ.

ამერიკის ხმა:
კოჰაბიტაციაზე რას გვეტყვით, როგორ იყო ის და რა ისწავლა მისგან საქართველომ?

დევიდ კრეიმერი:
კოჰაბიტაცია რთული ეტაპია ყველასთვის. საქართველოში განსაკუთრებით რთული იყო ის. მაგრამ ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს. კოჰაბიტაცია რთულია ყველა პოლიტიკურ სისტემაში. მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად იმუშავებს, ქვეყანას წაიყვანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, და ეს იქნება საქართველო, რომელიც დაინტერესებული იქნება ამერიკასთან პარტნიორობით.