ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველომ არ უნდა შეიკავოს თავი ევროპისაკენ სწრაფვის გზაზე"


საქართველოს მთავრობა იწონებს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მხარდაჭერის რეზოლუციას

საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროპარლამენტის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მხარდაჭერის რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და საქართველოს სწრაფვას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. მთავრობა ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ რეზოლუცია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილ სამიტამდეა მიღებული, "აღიარებს იმ წინსვლას, რომელსაც (საქართველომ) მიაღწია ქვეყნის მოდერნიზაციისა და ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით", და აცხადებს, რომ ევროპის პარლამენტი "მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას" სამიტზე. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავრობა "გულითადად მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესის მხარდაჭერას. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ასოცირების შეთანხმება საკვანძო როლს შეასრულებს რეფორმების დაჩქარებისა და გაღრმავების საქმეში". თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება მიღებულ რეკომენდაციებს და პარლამენტის ზედამხედველობას ხსენებული პროცესების მიმდინარეობის გზაზე.

მთავრობის განცხადებაში საქართველოს ევროკავშირში ასოცირების პროცესზე რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც არის საუბარი. მხედველობაში იღებს რა რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ზეწოლის გაძლიერებას, ევროკავშირთან სიღრმისეული კავშირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ "საქართველომ არ უნდა შეიკავოს თავი ევროპისაკენ სწრაფვის გზაზე და უნდა შეეწინააღმდეგოს რუსეთის ზეწოლას ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით" - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG