ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსი პეტრიაშვილი ვაშინგტონში ლიდერებს შეხვდა


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:15 0:00
ბმული

ამერიკის ხმა: ბატონო ალექსი, რა კომენტარები გაკეთდა თქვენი ვიზიტის დროს პირადად თქვენთან საუბარში დიცში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთის მოქმედებებზე? მიგაჩნიათ თუ არა რომ საერთაშორისო საზოგადოება საკმარისად არის ჩართული და აქტიური ამ მოვლენებზე რეაგირებისას?

ალექსი პეტრიაშვილი: აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს ამ დღეების განმავლობაში ყველა შეხვედრაზე კონგრესში, სენატში, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოებში და ორივე პარტიის წარმომადგენელები ძალიან მკაფიოდ და მძაფრად აფასებდნენ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს, მათი მხრიდან იყო ძალიან უარყოფითი რეაგირება საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზების გავლებასთან დაკავშირებით და მათთვის ეს ყოვლად მიუღებელია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ასევე გაკეთდება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან კონგრესში და სენატში განცხადებები და ახლო პერიოდში გაიმართება მოსმენა, სადაც ერთერთი იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და ვილნიუსის სამიტის საკითხი, და ასევე ვითარება დიცსა და დვანში.

ამერიკის ხმა: ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მოვლენების შესახებ საუბრობს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა ფორუმზე და გამოთქვამს პროტესტს, თუმცა ისმის განცხადებებიც, როცა მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ამაზე მეტს ქვეყანა, პრინციპში ვერ იმოქმედებს და რომ არსებული მდგომარეობა თავისთავად ასახავს პრობლემას და ეს ისედაც ყველასთვის ნათელია. და მაინც, თქვენი აზრით რამდენად ადექვატურია ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში, და ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ ოფიციალურმა თბილისმა ტერიტორიის ხელშეუხებლობის თემა სოჭის მოვლენებამდე ადრე უფრო მტკივნეულად არ წამოჭრას?

ალექსი პეტრიაშვილი: ეს პროცესები წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების ტესტს, სიმტკიცის ტესტს-იმასთან დაკავშირებით შევძლებთ თუ არა ავირიდოთ დაძაბულობა რეგიონში და მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექმნებათ, ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ყოველივე ეს არ გადაიზარდოს მძიმე პროცესებში და კონფრონტაციაში. საქართველოს ხელისუფლება ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გასაუჯობესებლად, მათი აუცილებლობების გასათვალისწინებლად და შემდგომში იქნება გაკეთებული ყველაფერი რათა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მოუწიათ იძულებით საკუთარი სახლების დატოვება, შეუმსუბუქდეთ დღევანდელი მდგომარეობა.

ამერიკის ხმა: ახლოვდება ვილნიუსის სამიტი. თქვენი ვიზიტების შემდეგ, მიიღეთ თუ არა კონკრეტული მხარდაჭერის გარანტია, რომ ამ სამიტზე საქართველოსთვის ღირებული და მისი მომზადებისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებები იქნება გამოტანილი?

ალექსი პეტრიაშვილი: პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ საქართველო მიიღებს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, მასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა ვილნიუსის სამიტზე, ასევე უმნიშვნელოვანესია ის განცხადებები, რაც გაკეთდა ევროკავშირის, ევროკომისიის მხრიდან, რომ ევროკომისიის ვადის ამოწურვამდე ევროკავშირი მოახდენს ხელმოწერას საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების, და რაც მთავარია ვაშინგტონში ყველა შეხვედრის დროს აღნიშნული იყო ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების დაჩქარება.

ამერიკის ხმა: გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის ხმისთვის ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მდგომარეობა პოლიტიკურად ძალიან მყიფეა და რთულია თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა. თქვენ ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას და ასევე რა პრობლემას გამოყოფდით, დღესდღეობით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც მისი დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიგაჩნიათა?

ალექსი პეტრიაშვილი: დემოკრატიისკენ სვლა რეალურად საკმაოდ რთულია. დემოკრატიული სისტემის განმტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც ჩვენი მთავრობის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი არჩევნები, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არის მზად საარჩევნო უბანზე გადაწყვიტოს მისი მომავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ერთერთი ყველაზე სანიმუშო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და ამასთან, შემდგომი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა-სასამართლოს თავისუფლება, მედიის სრული გათავისუფლება [მოხდება], ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი მთავარი საგარეო მიზნების მისაღწევად-ევროკავშირსა და ნატოში კიდევ უფრო სწრაფი ინტეგრაციის განსახორციელებლად და რაც მთავარია-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა დაინახონ, რომ საქართველო ხდება ის ადგილი, სადაც კანონის უზენაესობაა, და ადამიანის უფლებები არის დაცული და პატივცემული, სადაც უფრო მიმზიდველია ცხოვრება, რადგან აქ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება და უფრო მეტი კეთილდღეობის მიღება შეიძლება ევროპული, ევროატლანტიკური პროცესებისგან.
XS
SM
MD
LG