ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორდერიზაცია საზღვრებს გარეშე


სხვადასხვა ორგანიზაციები ოკუპაციას ადმინისტრაციულ საზღვართან, ლითონის ღობეებთან ყოველდღიურად აპროტესტებენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:02 0:00
ბმული

ვითარება დიცსა და დვანში უცვლელი რჩება. ლითონის ღობეები ადმინისტრაციულ საზღვარს ზოგ ადგილას მიჰყვება, ზოგან კი აცდენილია.

რუსი მესაზღვრეები, როგორ ადგილობრივები დვანში ამბობენ, 1926 წლის რუკით ხელმძღვანელობენ.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუცხადებია, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა რუკებზეა საუბარი და ახლო მომავალში რაა მოსალოდნელი ამ მათგან გამომდინარე.

რუკების საკითხი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვისაა ბუნდოვანებით მოცული. ერთ-ერთი ოსურ ფორუმზეც ანალოგიურ კითხვაზე ითხოვდნენ პასუხს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანიდან აყრილ სამ ოჯახს და მათ რამდენიმე თანასოფლელს მოსავალის ნაწილი ასაღები დარჩა. სოციალურ ქსელებში მრავლადაა ფოტოები, სადაც ჩანს რუსი მესაზღვრეები და მათი ოჯახის წევრები როგორ სარგებლობენ მწიფე მოსავლით.

სხვადასხვა ორგანიზაციები ოკუპაციას ადმინისტრაციულ საზღვართან, ლითონის ღობეებთან ყოველდღიურად აპროტესტებენ:

„ჩვენ გორელ მეგობრებთან ერთად დავგეგმეთ ეს აქცია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს მსოფლიოში, რომ ჩვენ მარტო ვართ იმ უზარმაზარი მტრის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ჰქვია“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რამდენიმე დღის წინ გორში ჩამოსულმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები ადმინისტრაციულ საზღვართან რეაქციაა იმ რეალობაზე, რომ დღეს-დღეობით არაერთი აფხაზი და ოსი დე-ფაქტო რესპუბლიკებიდან ქართული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობს, ასევე იყენებს განათლების მიმართულებით არსებულ რესურსებს.

გუშინ დიცსა და დვანს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების დელეგაცია სტუმრობდა. მათ საკუთარი თვალით იხილეს ლითონის ღობეები. დღის მეორე ნახევარში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა სტივენს ვალტერმა განაცხადა:

„დღეს დილით დიცსა და რეგიონის სხვა სოფლებში ვიმყოფებოდით. ვნახეთ ლითონის ღობეები, რომლებსაც იქ აგებენ და ამით შეწუხებული მოქალაქეები. ჩვენ ამის გამო ძალიან ვწუხვართ. ამ ტერიტორიაზე 28 ელჩის ვიზიტი არის უკვე ძლიერი ნიშანი და განცხადება. ჩვენ უკვე გვყავს ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც გააგრძელებს მონიტორინგს ადგილზე და იქნება ძალიან აქტიური, როგორც ევროკავშირის ჩართულობის ძლიერი ნიშანი“.

ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, სთხოვა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება, რათა ვილნიუსის სამიტის წინ უზრუნველყოფილი იყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია.

„ეს უკანონო ქმედებები მძიმედ აისახება მოსახლეობაზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს. მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ უფლებებს. მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით მივმართო ევროკავშირს: არსებული საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და უზრუნველყოს უკვე შეთანხმებული მიზნების რეალიზაცია ვილნიუსის სამიტისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას კავკასიური სახლის ხელმძღვანელი გიორგი კანაშვილი დიცსა და დვანში არსებულ ვითარებას აფასებს და ადმინისტრაციულ საზღვართან გამართული აქციების დადებით და უარყოფით ასპექტებს აღნიშნავს:

„ეს აქციები გამოიწვევს ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ აქტივიზაციას, გამოიწვევს დებატების კიდევ უფრო დაძაბულ რეჟიმში გადაყვანას შიდა ქართულ კონტექსტში, თუმცა არა მგონია, რომ რაიმე სახის პირდაპირი ასახვა ჰპოვოს აქციებმა თავად ბორდერიზაციის პროცესზე. რა თქმა უნდა, აქციები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, სამწუხაროდ. მეორეს მხრივ ამ აქციებმა და ზოგადად, საქართველოს შიგნით ხელისუფლებაზე წნეხის ზრდამ გარკვეული, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შესაძლოა შეიტანოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. გააჩნია რა ტიპის საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდება რუსეთზე, მაგრამ საერთაშორისო ვითარება იმგვარია, რომ რაღაც კოლოსალურ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია. ბევრი თავის ტკივილი აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახლა სახეზეა სირიის კრიზისი, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საკითხი და შესაბამისად, არამგონია, მათი მხრიდან ზეწოლა რუსეთზე იყოს იმდენად კონსოლიდირებული და ძლიერი, რომ მან ამ ეტაპზე რაიმე შედეგი გამოიღოს“,- აცხადებს გიორგი კანაშვილი.

XS
SM
MD
LG