თეთრმა სახლმა "სი-ენ-ენის" ჟურნალისტ ჯიმ აკოსტას ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, კორესპონდენტის საშვი აღუდგინა. თუმცა, იქვე გააფრთხილა, რომ თუ ის პრესკონფერენციის წესებს არ დაიცავს, შესაძლოა თეთრი სახლის კორესპონდენტის საშვი ისევ დაკარგოს.
აკოსტას ეს პრივილეგია თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებმა ორი კვირის წინ, საჯაროდ ტრანსლირებულ პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩამოართვეს. სიტყვიერი დაპირისპირება აკოსტას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, ჟურნალისტის მიერ განმეორებით დასმული კითხვის გამო მოხდა.
"სი-ენ-ენი" აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ უკან დაიხია და შესაბამისად, მას სასამართლოში შეტანილი საჩივარი უკან გამოაქვს. "მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის" - დაწერა აკოსტამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". როგორც გასულ პარასკევს ვთქვი... დროა, საქმეს დავუბრუნდეთ".
ჟურნალისტის მიმართ შეერთებულ შტატებში მედიის ფართო მხარდაჭერა დაფიქსირდა. აკოსტას მხარეს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია და ასევე სხვადახვა მედიის წარმომადგენლები იდგნენ, მათ შორის - ოპონენტი და კონკურენტი ტელეკომპანია "ფოქსი".
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია აცხადებს, რომ აკოსტასთვის საშვის აღდგენა, თეთრი სახლის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ, ორგანიზაცია კორესპონდენტისთვის საშვის დაუბრუნების პირობას აკრიტიკებს.
"მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის პრესკონფერენციები არსებობს, თეთრ სახლში მივლინებულ ჟურნალისტებს ჩაკითხვის უფლება აქვთ. სრული მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება" - განაცხადა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციაციის პრეზიდენტმა ოლივერ ნოქსმა. "გავაგრძელებთ იმის ხაზგასმას, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ჩვენი რესპუბლიკის სიჯანსაღეში გადამწყვეტ როლს ასრულებს".