სამხედრო წვრთნები, რომელიც ტაივანთან ახლოს მიმდინარეობს, ოფიციალურ პეკინს არ მოსწონს და მას აფასებს, როგორც „ქედმაღლობად“ და „ამპარტავნებად“. ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ეს წვრთნები „პროვოკაციაა".
„ტაივანის დამოუკიდებლობის პროვოკაცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდება, სახალხო განმანთავისუფლებელი არმიის მოქმედებები ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყოველთვის გაგრძელდება“, - ამბობს ჟუმ ფენგლიანი, ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის პრეს-სპიკერი. მანვე ტაივანში მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „სწორის და არასწორის“ გარჩევა მოხდება და ტაივანელები ითანამშრომლებენ ოფიციალურ პეკინთან ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ასევე ნახეთ: ამერიკამ ირანის მთავარ დიპლომატს ვაშინგტონში ვიზიტზე უარი უთხრატაივანი, კი რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ოფიციალურ პეკინს „ანექსიის“ მცდელობაში ადანაშაულებს. ტაივანის პრეზიდენტობის კანდიდატის - ჩინგტეს გუნდი განმარტავს, რომ ჩინეთი ტაივანის სრუტეში სამხედრო მოქმედებებს ზრდის.
„ჩინეთის მცდელობები ტაივანის ანექსიის [შესახებ] არ შეცვლილა“, - ამბობს ტაივანის ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინგტე.
ტაიპეიში განმარტავენ, რომ მათ არაერთხელ დააფიქსირეს ათობით ჩინური გამანადგურებელი, ბომბდამშენი და სხვა სახის სამხედრო თვითმფრინავები, სამხედრო ხომალდები თუ ავიამზიდების მობილიზება სრუტის მახლობლად. ტაივანში მიაჩნიათ, რომ ჩინეთის ეს ქმედებები ზრდის შემთხვევითი შეტაკების რისკსაც.
კუნძული ახლა არჩევნებისთვის ემზადება, საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში 2024 წლის 13 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძვის.
ტაივანთან ახლოს მიმდინარე წვრთნებს პირდაპირ არ ეხმაურება ოფიციალური პეკინის თავდაცვის სამინისტრო. ამის პარალელურად საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ, რომელიც დიდი ხანია საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ლინ შანგფუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.
რაც შეეხება ფენგლიანის განცხადებას „სწორისა და არასწორის“ გარჩევასთან დაკავშირებით, ტაიპეიში ამბობენ, რომ ტაივანის მომავალს მხოლოდ კუნძულზე მცხოვრები ადამიანები განსაზღვრავენ. ტაივანის მთავრობა ამბობს, რომ მზად არის პეკინთან მოლაპარაკებებისთვის და ეს არაერთხელ შესთავაზეს ჩინეთის მთავრობას, რაზეც უარი მიიღეს.